Imagenდღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „სევილიას” მასპინძლობს და ეს მნიშვნელოვანი თამაშია. შემდეგ ტურში, 24 თებერვალს „ღამურები” „გრანადას” ესტუმრებიან, 2 მარტს კი „მესტალიას” „რეალი” სტუმრობს.

„ვალენსიასა” და „რეალის” ურთიერთობის ამბავი გეხსომებათ. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა 2023 წლის 21 მაისის შეხვედრა, რომელიც „ვალენსიამ” 1:0 მოიგო. ამ დღეს „რეალის” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ვინისიუსმა მსაჯს კარსუკანა, ჩრდილოეთის ტრიბუნაზე მჯდომი ორი ვალენსიელი გულშემატკივრისკენ მიუთითა და მათ რასისტულ შეურაცხყოფაში დასდო ბრალი. ამ ახალგაზრდების საქმე სასამართლომდე მივიდა. შემდეგ ითქვა, რომ ვინისიუსს მთელი „მესტალია” აყენებდა რასისტულ შეურაცხყოფას. ამას თავად „რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი ამტკიცებდა. ჩრდილოეთ ტრიბუნას რამდენიმე თამაშით დისკვალიფიკაციაც მიუსაჯეს. ამავე შეხვედრაში იყო ეპიზოდი, როდესაც გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელ იუნუს მუსას (დღეს „მილანში” თამაშობს) გამოესარჩლა და ვინისიუსს დაუპირისპირდა. მავანთ სცადეს გიორგის ეს საქციელიც რასიზმად წარმოეჩინათ, მაგრამ მუსა აფრო-ამერიკელია და ქართველი მეკარის რასიზმში დადანაშაულება არ გამოვიდა. ვინისიუსი იმ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს.

და აი, მართალია „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრამდე ჯერ ორი ტურია, მაგრამ „მესტალიას” ჩრდილოეთი ტრიბუნა ბრაზილიელი ვარსკვლავის შესახვედრად უკვე ემზადება. გულშემატკივართა იმ ჯგუფმა, რომელიც სიმღერებსა და შეძახილებს იგონებს, ვინისიუსზე ახალი სიმღერა შეთხზა. პორტალ „სუპერდეპორტეს” ცნობით სიმღერის რიტმი საბავშვო სიმღერა „პინოკიოდან” არის აღებული. პინოკიო, მოგეხსენებათ ხის თოჯინაა, მე-19 საუკუნის იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის მოთხრობის გმირი, რომელსაც ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდება.  ვალენსიელი გულშემატკივრის სიმღერის ტექსტის ხარისხიან თარგმანზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ შევეცდებით მისი შინაარსი ქართულად გაგაცნოთ:

„იყო „რეალის” ცნობილი ფეხბურთელი და ერთადერთი, რასაც აკეთებდა ტირილი და ტყუილების თქმა იყო. ის აქაც ტიროდა და ხალხს მუდამ დასცინოდა. ის დასცინოდა მოწინააღმდეგეებსაც. ახლა ის ისევ ჩამოვიდა „ვალენსიაში”. პრობლემა კი ის არის, რომ იგი შტერია. და ეს მის კანის ფერთან არაფერ შუაშია. ლო, ლო, ლო….”