კვირას, „მილანთან” მატჩის შემდეგ, პიოტრ ჟელინსკი ნეაპოლში არ დაბრუნებულა. მეორე დილით მან იქვე, მილანში, „ინტერის” წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა სამწლიანი კონტრაქტის ხელმოწერას წინ აღარაფერი უდგას. პოლონელი „შავ-ლურჯებთან” შეთანხმებულია, რომ წელიწადში 4,5 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი კონტრაქტის კიდევ ერთი წლით შესაძლო გახანგრძლივების შესახებ.
ჟელინსკიმ და „ინტერმა” სამედიცინო შემოწმებისთვის უცნაური დრო შეარჩიეს, რადგან მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით ნახევარმცველი „ნაპოლიში” ივნისამდე უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ ჟელინსკიმ „მარადონაზე” 8 წელიწადი გაატარა.
მოთამაშის დაუმორჩილებლობაზე „ნაპოლის” ბანაკს ადექვატური რეაქცია ჰქონდა. როგორც ამბობენ, პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა პოლონელი სეზონის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში გუნდიდან მოკვეთოს კიდეც, თუმცა ეს მისთვის არაფრის კეთებაში ხელფასის გადახდას ნიშნავს.
ნეაპოლელთა საქმეებში ჩახედული ჟურნალისტი ლუკა ჩერკიონე: „ჟელინსკი გუნდიდან გაგდების საფრთხის წინაშეა. „ნაპოლის” ძალიან არ ესიამოვნა, თუ რა დრო შეარჩიეს ფეხბურთელმა და „ინტერის” ხელმძღვანელობამ წინასწარი შეთანხმების დასადებად”.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

