Theo Hernandez of AC Milan celebrates after scoring his team first goal during the Italian Serie A football match AC Milan vs Napoli at San Siro...
თეო ერნანდესი

„ნაპოლის” თამაშის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს, ჩვეულებრივ, მისი მწვრთნელის ინტერვიუ აინტერესებს, თუმცა ვფიქრობთ, არც მოწინააღმდეგე გუნდის თავკაცის შთაბეჭდილება უნდა იყოს ინტერესს მოკლებული, მითუფრო, რომ კვირას ეს მოწინააღმდეგე არც მეტი-არც ნაკლები „მილანი” იყო. „მილანმა” „ნაპოლის” მოუგო 1:0. გთავაზობთ სტეფანო პიოლის კომენტარებს:

„მილანი” ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება: ბოლო თვენახევარია კარგად ვთამაშობთ და „ინტერს” კვალში ვუდგავართ. „ინტერს” წარმოუდგენლად კარგი სეზონი აქვს, ჩვენ კი ვცდილობთ ყველა თამაში მოვიგოთ. ვნახოთ, რა გამოვა. უკან ყურებას აზრი არ აქვს. ევროლიგის შეხვედრებიც კარს მოგვადგა. ამიერიდან მეტი მონდომება და ენერგიის ხარჯვა დაგვჭირდება. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ როგორც სერია A-ში, ასევე ევროთასზე საუკეთესოდ ვითამაშოთ.

შეგეძლოთ თუ არა დღეს თამაშის ბედის ადრე გადაწყვეტა? მეორე გოლის გატანის შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ჩვენი მონაწილეობით თამაშები ხომ არასდროს მთავრდება (იცინის). კარგია ასეთ შეხვედრაში რომ გავიმარჯვეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დაცვაში მაქსიმალური ყურადღება გამოგვეჩინა. გამარჯვებისთვის გუნდურად ვიბრძოდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ არიან ისმაელ ბენასერი და დავიდე კალაბრია? ვფიქრობ, ისმა უბრალოდ დაიღალა. პირველი ტაიმის ბოლოსვე მითხრა, რომ დაღლილი იყო. ამაში გასაკვირი არაფერია. ის აფრიკის თასიდან დაბრუნდა და ტრავმაც ახალი მოშუშებული აქვს. კალაბრიას კი კუნთის პრობლემა აწუხებს და მისი ჯანმრთელობის შესახებ დაზუსტებით რამდენიმე დღეში გვეცოდინება.

კვარას ახალი პოზიცია: ბოლო შეხვედრაში, „ვერონასთან”, „ნაპოლიმ” ჩვენდა გასაკვირად კვლავ ოთხი მცველით ითამაშა, ასე რომ არ ვიცოდით დღეს რა ტაქტიკას შემოგვთავაზებდა. კვირის შუაში დაიწერა, კვარა შუიდან ითამაშებსო. ორივე ვარიანტისთვის ვემზადებოდით. ვფიქრობ, პირველ ტაიმში, როდესაც მეტოქე 2-5-2 განლაგებით თამაშობდა, ჩვენ სწორად დავდექით, მეორე ნახევარში კი, როდესაც 4-3-3-ზე გადაეწყვნენ, მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს. ვფიქრობ შეგვეძლო მათი ოთხი მცველისთვის უკეთესად შეგვეტია, მაგრამ რატომღაც დავბრკოლდით.

როგორ ფიქრობთ, თეო ერნანდესი და რაფა ლეაო საუკეთესო ფორმაში არიან? დიახ. საჭიროებიდან გამომდინარე თეომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა და ვფიქრობ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი. ეს ორი ფეხბურთელი ფლანგზე ერთმანეთს ყნოსვით გრძნობს და როდესაც გოლი გააქვთ ერთმანეთს ეხვევიან. მეც ვეხვევი მათ.

ფსიქოლოგიური ასპექტი: შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხების გამო თეოს მართლაც ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემა. წლეულს, როდესაც „გადავიტვირთეთ” ვხედავ, რომ ის ძალიან კარგ განწყობაზეა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ბევრს აღარ ლაპარაკობს. შეხვედრებმა, რომლებიც მან ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩაატარა, ნათლად დაანახა თუ რამდენად საჭირო კაცია ჩვენი გუნდის დაცვაში. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და შეუძლია ასეც გააგრძელოს.

ხუთშაბათს გელით ევროლიგის შეხვედრა ფრანგულ „რენთან”. რა პრობლემების წინაშე დგახართ?

რთული გამოწვევაა. მე ვნახე „რენის” თამაში „ლე ავრთან” („რენმა” მოიგო სტუმრად 1:0) და მართალია გაუჭირდა, მენტალურად და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. „რენში” მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. ჩვენ შევეცდებით პირველ შეხვედრაშივე მივაღწიოთ უპირატესობას.