Ulisses GARCIA - 07 Jonathan CLAUSS - 10 Pierre-Emerick AUBAMEYANG during the Ligue 1 Uber Eats match between Olympique de Marseille and Football...„მარსელს” 2024 წელს თამაში არ მოუგია. ბოლო შეხვედრაში ჯენარო გატუზოს გუნდმა შინ 1:1 ითამაშა გიორგი მიქაუტაძის „მეცთან”. იტალიელ მწვრთნელს ცუდი შედეგები აქვს და როგორც ფრანგული პრესა წერს, 15 შეხვედრის ჯამში „მარსელის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი გახდა. Rmc Sport-ი წერს:

„ეს იყო გატუზოს მორიგი იმედგაცრუება. იმ მწვრთნელებს შორის, ვინც 2014 წლის შემდეგ გუნდს 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა, ყველაზე ცუდი შედეგი მას აქვს. მანამდე უარესი რეზულტატი 2014 წელს ჟოზე ანიგოს ჰქონდა. 15 შეხვედრაში იტალიელმა მხოლოდ 21 ქულა მოიპოვა. თავის დროზე ზედიზედ ოთხი მოგების მიუხედავად, სექტემბრის შემდეგ „მარსელმა” ლიგაში 6 ფრე ითამაშა და ოთხჯერ წააგო. გატუზოს პირველი შეხვედრა მე-7 ტურში ჰქონდა „მონაკოსთან”, რომელშიც 2:3 დამარცხდა”.

Rmc Sport-მა გატუზო იგორ ტუდორსა და „მარსელის” სხვა მწვრთნელებს შეადარა.

„გატუზომდე ლიგა ერთის 15 შეხვედრაში ტუდორს 3 ფრე და 3 წაგება ჰქონდა. ჟორჟე სამპაოლის 4 ფრე და 2 წაგება. ანდრე ვილაშ-ბოაშს 4 ფრე და 3 წაგება. რუდი გარსიას 3 ფრე და 5 წაგება. მიჩელს 5 ფრე და 4 წაგება. მარსელო ბიელსას 1 ფრე და 3 წაგება”.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყველაზე ცუდი შედეგი ანიგოს აქვს: 6 ფრე 5 წაგება.

გატუზო: „ჩვენთან მინი კრიზისია. ზედიზედ ხუთ შეხვედრაში არ მოგვიგია. ახლა მეოთხე ადგილზე ლაპარაკი უტოპიად ჩანს, მაგრამ გარწმუნებთ, ამის რომ არ მჯეროდეს, სახლის გზას გავუდგებოდი. ჩვენ ვალდებულები ვართ „მარსელის” მაისურას პატივი ვცეთ.

წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ვირწმუნოთ წარმატების. ამ გემის კაპიტანი მე ვარ, პასუხისმგებლობა ჩემზეა.  ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ბიჭებმა გოლები გაიტანონ. ბოლო შეხვედრაში მთელი საათი ათი კაცით ვთამაშობდით და ბურთის ფლობის პროცენტი გვქონდა 72. ჩემს კარიერაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა”.

„მარსელი” მეშვიდე ადგილზეა და მეოთხე ადგილს 5 ქულით ჩამორჩება.