
„ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა პრეს-კონფერენცია გამართა. პორტალი ilnapolista მიიჩნევს, რომ ბიზნესმენის გამოსვლას ანალიზი რამდენიმე მხრიდან შეიძლება ჩაუტარდეს, თუმცა ყველა მსჯელობა ერთ დასკვნამდე მიგვიყვანს.
ყველა, ვინც სენსაციას ელოდა იმედგაცრუებული დარჩა. დე ლაურენტისმა თავისი შეცდომების შესახებ მხოლოდ 30 წამი ილაპარაკა. როგორც გაირკვა მას თავის არასწორ ნაბიჯად მიაჩნია ის, რომ ლუჩანო სპალეტი იოლად გაუშვა — კონტრაქტის პირობების დაცვა არ აიძულა. ფაქტობრივად, „ნაპოლის” მეპატრონე ამბობს, რომ მისი სუსტი მხარე გულკეთილობა და ხელგაშლილობაა. ilnapolista ირონიით წერს: „ხომ შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებიც კითხვაზე, თუ რა ნაკლი აქვთ პასუხობენ: მე ზედმეტად კარგი, გულწრფელი და გულუბრყვილო ვარ. დაახლოებით ასეთი იყო დე ლაურენტისის პასუხიც”.
შემდეგ კინოპროდიუსერმა გამოთქვა ეჭვი, რომ როდესაც სპალეტიმ მას „ნაპოლიდან” გაშვება სთხოვა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე შეთანხმებული იქნებოდა. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იქვე დასძინა, ეს მხოლოდ ჩემი ეჭვიაო და თავის კრიტიკა ამაზე დაასრულა.
პრეს-კონფერენციამ საათნახევარს გასტანა. ზემოხსენებული 30 წამის გარდა მთელი ამ დროის განმავლობაში „ნაპოლის” პრეზიდენტი სხვადასხვა სიტყვებით იმეორებდა ერთსა და იმავეს: კლუბი მას ეკუთვნის, ფულს ის იხდის და მამამისმა ასწავლა, რომ კომპანიის გაძღოლა მაშინ არის წარმატებული, როდესაც მის ყველა ასპექტს თავად აკონტროლებ. როდესაც ჰკითხეს, წლევანდელი „ნაპოლი” ადრინდელზე აურელიოცენტრული ხომ არ არისო, უპასუხა, რომ მის მიდგომებში არაფერი შეცვლილა, ის 19 წელიწადია ერთსა და იმავეს აკეთებს. შემდეგ დე ლაურენტისმა თქვა, რომ გუნდისთვის ყოველთვის უძლიერეს ფეხბურთელებს ყიდულობდა. ყველა მოლაპარაკებებს ყოველთვის პირადად უძღვებოდა და არც წმინდა საფეხბურთო საქმეებზე შეანელებს კონტროლს.
ilnapolista წერს, რომ დე ლაურენტისის სხვა გამონათქვამებს სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ. მათ შორისაა ისტორია გასახდელში რუდი გარსიასთან ჩხუბის შესახებ. და მას მიაჩნია, რომ ასეთი ქცევა ნორმალურია. პრეზიდენტმა თქვა, რომ ყოველთვის ასე მუშაობდა როგორც ფეხბურთში ასევე კინოში — რომელია ყველაზე პოპულარული იტალიური სერიალი? „კარლო ვერდონე”. რომელი თამაში მოიგო „ნაპოლიმ” ყველაზე დამაჯერებლად? „ლეჩესთან” 4:0, რომელშიც გუნდმა ისე ითამაშა, როგორც მან ბრძანა.
დე ლაურენტისმა თქვა, რომ მან სპალეტის კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მარტის შემდეგ გუნდს აშკარა ჩავარდნა ჰქონდა, პლუს მან ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, რასაც პრეზიდენტი თურმე ელოდა. კიდევ, ითქვა, რომ სპალეტის გუნდის აღმასვლა მას მერე დაიწყო, რაც მან გუნდიდან გააშვებინა ფეხბურთელები, რომლებიც უკვე სხვა მიმართულებით მიცურავდნენ. და ეს ანჩელოტის ცუდი მემკვიდრეობის ბრალი ყოფილა. დე ლაურენტისმა აგრეთვე თქვა, რომ თუ ნეაპოლის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებას მიაღწევს, ახალ სპორტულ ცენტს ააშენებს.
პრეზიდენტს პრეტენზია ჰქონდა ნეაპოლურ მას-მედიასთანაც. მან თქვა, რომ ის ქალაქს და კლუბს ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა, საპასუხოდ კი ჯეროვან მხარდაჭერას ვერ იღებდა.
საბოლოოს დე ლაურენტისმა თქვა, რომ „ნაპოლი” ერთი კაცის კლუბად დარჩება, ხოლო ბოლო 20 წელიწადში კარგმა გაცილებით გადაწონა ცუდი. ilnapolista კი წერს, რომ შეუძლებელია 75 წელს მიღწეულმა კაცმა ზნე შეიცვალოს, მითუფრო რომ ცხოვრებაში სწორედ ამ ზნითა და ხასიათით მიაღწია წარმატებას. ამიტომაც არ თქმულა პრეს-კონფერენციაზე რაიმე განსაკუთრებული და სენსაციური.





