…ქალაქი, რომელმაც ყველაფერი იცის. ეფემერული საზღვრებით დატყვევებული, მარიამპლაცზე დადიხარ და რწმუნდები, რომ ადამიანს შეუძლია იყოს უფრო მეტი, ვიდრე კაცი. უახლოვდები, მაგრამ ვერ ეხები, ცხოვრობ მითოსში, სადაც ყველაფერია და ანგრევს წესრიგს, რომელშიც ცხოვრობდი.
მიუნხენი პირობებს ყოველთვის ასრულებს. აქ მცხოვრებ ადამიანებს პატივს სცემს. არავინ გეტყვის, თუ არ მოგწონს – წადი. არავინ გეტყვის, ბიზნესი ასე მუშაობს და 8-ის მერე ვერ დავიხურებით, ან კვირა დღე ყველაზე მომგებიანია და არ უნდა დაისვენო. თვით მაქსიმილიანშტრასეზეც, რომელსაც მხოლოდ უკვდავები სტუმრობენ, ამ წესებს ემორჩილებიან. უყურებ გიგანტურ შენობებს, ხედავ უსაზღვროებას, უახლოვდები, მაგრამ ვერ იჭერ. და ასე უსასრულოდ…
იქ რეალური მხოლოდ „ალიანც-არენაა“. ფანტასტიკურია, რომ ერთ კონკრეტულ სტადიონს მეტროს კონკრეტული გაჩერება აქვს და სტადიონამდე მისასვლელ 500 მეტრს 70 ათასი ადამიანი მიუყვება. თამაშის დღეს ძველი ვაგონები გამოჰყავთ – ემანდ ლუდით შეზარხოშებულმა „შიკერიამ“ (რედ: „ბაიერნის“ ფან-კლუბი) ტრადიციული მარში არ მოაწყოს და დიადი ქალაქის ულტრა თანამედროვე ვაგონები არ დაანგრიოს. მოძველებული მატარებლებიც ისეთია სხვა ქალაქში ახლად რომ ასაღებენ. ძირითადად, თეთრ კედებში, ჯინსებსა და თეთრ-წითელ ბაიერნულებში მიდის მიუნხენი მოწინააღმდეგის დასახვედრად.
… ამჯერად ქალაქში ბუნდესლიგის კლასიკაა, მიუნხენს „გლადბახი“ სტუმრობს, გიჟმაჟი ფანებითა და უდიდესი ისტორიით. მწვანესა და შავში შემოსილები ზეიმისთვის ემზადებიან. და როგორ გულშემატკივრობენ? განწირულობით. მესამე იარუსზე ლიდერს ჩანს სული უკვე „გლადბახისთვის“ მიუცია და მის გუნდს ისე ქომაგობს თითქოს ბოლო მატჩი იყოს. ქომაგობს და ტრიბუნებს იყოლიებს. „შიკერიას“ შეძახილზე – „ბაიერნ“ – მეორე ტრიბუნა ასევე უნდა გამოეხმაუროს, მაგრამ მწვანე-შავებში გამოწყობილები ასწრებენ – „შვაინე“… და ასე დაუსრულებლად.
„შიკერია“ დგას როგორც კედელი, გაშლილი შარფებით, დროშებითა და შეძახილებით. ყველა ქომაგი ერთად ხტუნავს და გეშინია ამ ტორნადომ ტრიბუნა არ ჩაანგრიოს. ეს გერმანიაა, აქ ადვილად არაფერი იმტვრევა. მანდ ხვდები, რომ შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, ეს ზეიმია. კვარცხლბეკზე გერმანელები დგანან და დანარჩენ სამყაროს ქედმაღლურად გადაჰყურებენ. ამიტომაცაა, რომ ინვესტორები მხოლოდ ზომიერად სჭირდებათ, მათი კლუბის 51% ყოველთვის ქალაქს უნდა ეკუთვნოდეს. „ბაიერნის“ ქომაგებმა მოედანს მონეტები სეტყვასავით დააყარეს, აზრი ნათლად გამოხატეს… მიუნხენი ავთენტურობისთვის იბრძოლებს, მას ვერ იყიდი და ვერ დაიმსგავსებ…
ამ ქალაქში დიონისეს გული „ჰოფბრაუში“ ძგერს. ლუდის კათხები ისეთი ძლიერია, მიჭახუნებისას თუ გატყდა დარბაზი შეძახილით ეგებება. გატეხილი კათხისთვის ფულს იხდი? – რა თქმა უნდა, არა. თუმც, როგორც მოგახსენეთ, გერმანიაში ადვილად არაფერი იმტვრევა. ზიხარ იქ და იცი, რომ ჰიტლერის ბოროტების ქარიზმამ სწორედ ამ დარბაზში იფეთქა. შენობა უზარმაზარია, მაგიდები მრავალი, მაგრამ ადგილს ვერ ნახავ – უნდა დაუდარაჯდე, სადმე ვინმე ადგება და… იქნებ გაგიმართლოს, შემდეგ, 10 ევროდ, ლიტრიან ამბროსიოს შეექცევი და ასე დაუსრულებლად… მიუნხენში სწავლობ, რომ ყველაფრის მიღწევას მხოლოდ შრომა და პატივისცემა სჭირდება. გასწავლის, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. გასწავლის, რომ ადამიანი პირველი პრიორიტეტია. აქ მაიბახი და ფოლკსვაგენი გვერდი-გვერდ დადის, თუმცა არავის აწუხებს – მნიშვნელობა არ აქვს მეტი ჰაერი ვის აქვს, მაინც ყველასთვის სამყოფია. დიადი ქალაქის სიზმარეთის კოშკებს მითიური ნისლი მუდამ თან აკრავს და ეს ჩემი სულიც ისევ იქ მიემართება, რა თქმა უნდა, განწირულობით. და ასე დაუსრულებლად…
გიორგი ხარშილაძე სპეციალურად „სარბიელისთვის“ თბილისი – მიუნხენი – თბილისი





