ფრთხილად, ეს კვარაცხელიას დღეა! ქართველმა „ნაპოლისა” და „ვერონას” მატჩის ბედი გადაწყვიტა და ნეაპოლელ გულშემატკივარს მორიგი ვნების კვირა აარიდა. კვარამ 88-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან შეაგდო. ეს იყო „აძურის” დამსახურებული, მაგრამ ძნელი გამარჯვება, რადგან 72-ე წუთზე კოპოლას გოლით წინ ვერონელები გავიდნენ. ახლა სეზონის ბოლომდე ჩხიკინი აღარ არის საჭირო, წარსული ქექვა მაზოხიზმია, უსარგებლო საქმიანობაა. „ნაპოლის” პოზიციების დასაბრუნებლად და მეოთხე ადგილზე გასასვლელად მოგებები სჭირდება. მოდი ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 0:0-ზე ქართველის წაქცევისთვის აშკარა პენალტი არ დანიშნეს.
თუმცა მარტო კვარაცხელიაც არ ყოფილა. რთულ პერიოდში, როდესაც მეტოქე იგებდა, დანიელმა ლინდსტრომმა ბოლოს და ბოლოს ყველას აჩვენა, რომ ის ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ლიგა აქვს მოგებული. მან „ვერონას” საჯარიმოში ბურთი დაიმორჩილა, მეურვეს დაუსხლტა და ნგონგეს საგოლე პასი მიაწოდა. წონასწორობა ამ ორმა მოთამაშემ აღადგინა. მაცარიმ ეს ფეხბურთელები მაცოკისთან, რასპადორისთან და დენდონკერთან ერთად მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა, მაგრამ მან წუთიც არ მისცა ტრაორეს, რომელიც დე ლაურენტისმა ჟელინსკის სამარქაფოდ იყიდა.
აღნიშვნის ღირსია 4-3-3 სქემასთან დაბრუნებაც. და კიდევ, აღნიშვნის ღირსია ვერონელთა ნახევარმცველი მაიკლ ფოლორუნშო (ნიგერიული წარმოშობის იტალიელი), რომელიც „ნაპოლის” საკუთრებაა და „აძურიში” რომ ყოფილიყო კაიუსტესთან შედარებით გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანდა გუნდს. მან საქმით დაამტკიცა, რომ ფასდაუდებელი ფეხბურთელია.
საბოლოო დასკვნა კი იგივეა რაც ადრე: „ნაპოლი” ძლიერი გუნდია, მას ჩინებული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ამნეზია სჭირს. და სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება. იტალიის ჩემპიონმა თამაშები შეუპოვრობის წყალობით უნდა მოიგოს, რომელსაც საჩემპიონი აფეთქებებიც უნდა შეუზავოს.
„ნაპოლიმ” ძალიან კარგად დაიწყო. „ვერონა” თავის მესამედზე ჩაიკეტა. კვარაცხელია ისე თამაშობდა, გეგონებოდა სამყაროს გაგლეჯა უნდოდა. მან მარკო ბარონის გუნდის დაცვა ააწიოკა. ორ ეპიზოდში საჯარიმოს გარედან შეეძლო გოლი გატანა: ერთხელ მარცხენა ფეხით დაარტყა, მეორედ მარჯვენათი, მაგრამ ორივეჯერ მეკარე მონტიპომ აუღო. და კიდევ, ქართველის წაქცევისთვის აშკარა პენალტი უნდა დაენიშნათ, მაგრამ მსაჯმა კუთხური დანიშნა, VAR-ს კი არბიტრი არ გაახსენდა.
ამის შემდეგ „ნაპოლის” მძვინვარება ჩაცხრა. მეორე ტაიმში გუნდებმა როლები გაცვალეს. მასპინძლებს ჩაეძინათ. ბარონის გუნდი გათამამდა, მაგრამ ეს სითამამე მხოლოდ კოპოლას გოლამდე გაგრძელდა. 77-ე წუთზე „ნაპოლიმ” ერთმანეთს მიყოლებული ორი მომენტით შეცვალა თამაში. ეს მომენტები შექმნეს ლინდსტრომმა და მაცოკიმ, რომელიც ასევე კარგად ჩაერთო შეხვედრაში. ორივე შემთხვევაში ვერონელთა გუნდი კვლავ მეკარე მონტიპომ იხსნა, მერე რა, რომ დარტყმის შედეგად ბურთი შუაში წავიდა. შემდეგ ანგარიში გათანაბრდა, ბოლოს კი მასპინძლებმა მოიგეს.
მასიმილიანო გალო, ilnapolista





![კიტე-დუბლი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kiteishvili-1-218x150.jpg)