საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-14 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 10-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო.

წინა ტურებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთადერთი ქართული ლელო დაფიქსირდა: „ტულონისა“ და „ბორდოს“ შეხვედრის მე-14 წუთზე სტუმართა ლელოდან 15 მეტრში რაქი შეიქმნა, საიდანაც ბურთი ჩვეულ სტილში ვასილ ლობჟანიძემ გამოიტანა, მიზნისკენ სწრაფად დაიძრა და მისი შეჩერება ბორდოელებმა მხოლოდ კოლექტიურად შეძლეს, მაგრამ ტულონელთა შეტევა გაგრძელდა და ერთ-ერთი ჯგუფური მიძალებისას ბექა გიგაშვილმა ბურთი ხაზსიქით გადადო. ეს იყო მიმდინარე სეზონში პირველი ლელო ქართველი ბურჯისთვის, ვისაც ტოპ 14-ში გამართულ 86 მატჩში 9 ლელო დაუგროვდა. ბექამ 64-ე წუთამდე ითამაშა, ვასკამ – 68-ემდე, მათი გასვლის შემდეგ კი „ტულონმა“ უპირატესობა გაფლანგა და 32:37 წააგო. დაცვითი ბონუსის დამატებით ამ გუნდმა 36 ქულას მოუყარა თავი და პლეი-ოფის ზონაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

ცხრილის სათავეში კი 41-ქულიანი „სტად ფრანსე“ დგას.

მეორე პარიზული გრანდი „რასინგ-92“ მესამე საფეხურზე ლიდერისგან მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენითაა. დედაქალაქელებმა კატალონიაში მოულოდნელი ფიასკო განიცადეს – „პერპინიანს“ ბონუსიანი გამარჯვება დაუთმეს – 5:26, მათ რიგებში კი  შესვენების შემდეგ გია ხარაიშვილი გამოჩნდა, რომელმაც 57-ე წუთზე თავი სინბინში ამოჰყო.

ტოპ-ექვსეულს ბოლო დროს მოყოჩაღებული „კლერმონი“ ასრულებს. „ვულკანებს“  35 ქულა დაუგროვდათ – გასულ ტურში მათ „ლიონს“ უმასპინძლეს და ბონუსიანი გამარჯვება იზეიმეს – 38:21. მასპინძელთა შორის ახალგაზრდა გიორგი ძმანაშვილმა ითამაშა – ჯერ პირველ ტაიმში გაატარა 10 წუთი მინდორზე, 65-ეზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

„კასტრმა“ ბასკეთში „პოს“ 44:33 მოუგო. მასპინძელთა სასტარტოში გურამ პაპიძე და ბექა გორგაძე იყვნენ, რომლებმაც შესაბამისად 72-ე და 64-ე წუთამდე ითამაშეს, ხოლო სტუმრებში 58-ე წუთზე ლევან ჩილაჩავა  გამოჩნდა, რომელმაც ყვითელი ბარათის გამო თამაში 76-ეზე დაასრულა.

„ლა როშელმა“ აუტსაიდერ „მონპელიეს“ 18:10 მოუგო და ამ გაარჯვებაში  53-წუთიანი წილი სანდრო ქუნთელიამაც შეიტანა. დამარცხებულთა შორის შესვენების შემდეგ ლუკა ჯაფარიძე გამოჩნდა, რომელმაც მსოფლიო თასზე მიღებული ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველად ითამაშა.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ტულუზმა“ „ბაიონთან“ შეხვედრაში ბონუსიანი გამარჯვება იზეიმა – 46:26. ბასკთა შორის ბოლო 4 წუთი გელა აფრასიძემ ითამაშა, რომელიც რაგბს საკმაო პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.