4 თებერვალს 18 საათზე დაიწყება გერმანიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მატჩი, რომლითაც სტარტი მიეცემა ბორჯღალოსნების ახალ საერთაშორისო სეზონს. ეს იქნება სასტარტო მატჩი ტურნირისა, რომლის გამარჯვებულიც ქართული ეროვნული გუნდი ისტორიაში კონკურენტებზე ბევრად მეტჯერ გამხდარა. ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, მარტო მისი ამჟამინდელი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის (და ყველა მისი წინამორბედი ტურნირის) 11-გზის ჩემპიონია!

რადგან შარიქაძე ვახსენეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიასთან მატჩში 30 წლის კაპიტანი ბორჯღალიან კვართს მეასედ მოირგებს! ეს ფრიად აღსანიშნავი მიღწევაა, რადგან აქამდე საქართველოს მხოლოდ 6 ცენტურიონი (ასე უწოდებენ 100-კეპიან მოთამაშეებს) ჰყავდა – მერაბ კვირიკაშვილი, დავით კაჭარავა, გიორგი ჩხაიძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა მალაღურაძე და შალვა მამუკაშვილი.

გერმანიის ქალაქ დესაუში საქართველოს ნაკრებს ერთბაშად 6 დებიუტანტი ეყოლება – გიორგი ახალაძე და ლუკა ცირეკიძე სასტარტოში, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქართველიშვილი და დავით ხუროშვილი მარქაფაში, ხოლო რიჩარდ კოკერილი – გუნდის სათავეში.

გერმანიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების ურთიერთშეხვედრათა ისტორიის აქ მოყვანას, აბა, რა აზრი აქვს – ყველა დაპირისპირება ბირჯღალოსნებმა უდიდესი უპირატესობით მოიგეს.

მოკლედ, კვირას, 4 თებერვალს, 18 საათზე ვიწყებთ ახალ ისტორიას…

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გერმანიასთან მატჩში:

1. გიორგი ახალაძე (ბეზიე, 0 მატჩი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 8, 5), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი, 2, 0), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 52, 5), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 7, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 9, 5), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 34, 30), 8. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი, 2, 0), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი, 8, 5), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 14, 84), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 27, 45), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 99, 90), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 52, 25), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 35, 150), 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 0, 0).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 2, 0), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 0, 0), 18. გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი, 0, 0), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 2, 0), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, 1, 0), 21. დავით ხუროშვილი (კლერმონი, 0, 0), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 47, 343), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 4, 0).