საზონოვი — 7 ქულა. მსაჯის წამატებულ წუთებში მან ორჯერ იხსნა კარი აშკარა გოლისგან და „ტორინოს” ანგარიში შეუნარჩეუნა. ასეთი გახლდათ მაგალითად calciomercato-ს შეფასება „კალიარისა” და „ტორინოს” შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა 78-ე წუთიდან მიიღო მონაწილეობა.
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ლუიჯი რივა კალიარიდან იყო და ამ დღეს მთელი სარდინია მას ეთხოვებოდა, მაგრამ კლაუდიო რანიერის შეგირდებმა სასურველი გაცილება ვერ მოუწყვეს. ამაში საზონოვის წილი დიდი გახლდათ. „ტორინომ” 1968 წლის ევროპის ჩემპიონისა და 1970 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის მშობლიურ გუნდს 2:1 მოუგო.
„აქ ჩვენ ადრე ვერ ვიგებდით. ამას მკიცე ხასიათი სჭირდება. ბოლო ხანს კი ტაქტიკური საკითხების გარდა ჩვენს თამაშს ახალი სული შთავბერეთ. დღეს ჩემს განკარგულებაში არის 15-16 ფეხბურთელი, რომლებიც კარგად ვარჯიშობენ და დღითიდღე ძლიერდებიან. ბოლო 11 შეხვედრაში შესანიშნავი შედეგი გვაქვს. ჩემთვის ამ გუნდის გაწვრთნა დიდი სიამოვნებაა”, — თქვა მატჩის შემდეგ „ტორინოს” ხორვატმა თავკაცმა ივან იურიჩმა.
სადღეისოდ „გრანატამ” 21 შეხვედრიდან 31 ქულა დააგროვა და ევროთასებზე გამსვლელ ადგილს მთლად ვერ მიუახლოვდა, მაგრამ უკვე შორიახლოს ტრიალებს. ასე მაგალითად, მეექვსე ადგილზე მყოფ „ლაციოს”, რომელიც კონფერენციის ლიგაზე გამსვლელ პოზიციაზეა, 33 ქულა აქვს, თუმცა თამაში აკლია — ხვალ „ნაპოლის” მასპინძლობს.