საქართველოს ფუტსალის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიასთან მოგება (2:1) გაუუქმეს და ტექნიკური წაგება (0:5) ჩაუთვალეს – ინფორმაციას უეფა-ს ვებგვერდი ავრცელებს.

ამ შეხვედრამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი ლეგიონერების ლიმიტის დარღვევისთვის დაისაჯა და ფინეთთან ორივე და პორტუგალიასთან სტუმრად ჩატარებულ მატჩებშიც ტექნიკური წაგება, 0:5 ჩაეთვლა.

პორტუგალიასთან ავთანდილ ასათიანმა შემადგენლობაში მხოლოდ რონინიო და ჩიმბა ათამაშა. ერთ-ერთი გოლი სწორედ ჩიმბამ გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონებს 42-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა.

თუმცა, უეფა-მ ჩიმბას თამაში რეგლამენტის 38-ე მუხლის დარღვევად მიიჩნია და საქართველოს ნაკრებს 0:5 წაგება ჩაუთვალა.

ამის შედეგად უეფა-ს რეიტინგში მე-9 ადგილზე დაწინაურებული ნაკრები მე-17 ადგილზე დაქვეითდა.