სამჯერ ერთი არის სამი. სამჯერ ორი არის ექვსი. სამჯერ სამი არის ცხრა. გაუგებარია, როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება რატომ სჭირდება ყველაფრის მეორე კლასის მასალამდე გამარტივება. მედიის არაერთი საშუალება მთელი ოთხი კვირის განმავლობაში სიურეალისტურად მსჯელობდა ოსიმენის მომავალზე. არადა, ესკიმოსისთვისაც გასაგები იყო, რომ ნიგერიელის ახალი კონტრაქტი და გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევროს დათქმა მისი „ნაპოლიდან” გაშვების სამზადისი იყო და მეტი არაფერი. მაგ დროისთვის ოსიმენს უკვე შერჩეული ჰქონდა მომავალი გუნდი. ერთადერთი, „აძურისთვის” უნდა მოეძებნათ ისეთი ვარიანტი, რომ იტალიის ჩემპიონს ადექვატური თანხა მიეღო. და მხარეები შეთანხმდნენ: დე ლაურენტისმა თავდამსხმელს ხელფასი რეტროაქტიურად გაუზარდა (მიმდინარე სეზონში ნიგერიელი ხელზე 10 მილიონ ევროს მიიღებს), ის კი გამოსასყიდი თანხის ჩაწერას დათანხმდა.
ამრიგად, მეორე კლასის მასალა ავითვისეთ და დებატები შეწყდა, რისთვისაც დე ლაურენტისს მადლობა ეკუთვნის.
იტალიური მედიისთვის კი ფეხბურთი შეცდომათა და აბსურდის კომედიაა. რეალობას იშვიათად თუ აღწერს ვინმე. როგორც წესი ცდილობენ სინამდვილის მწარე გემო დაატკბონ და იმლიქვნელონ. რატომ ხდება ასე ვერ გეტყვით. შესაძლოა მთავარი გმირების — კლუბების, მწვრთნელების და ფეხბურთელების — კეთილგანწყობას ეძებენ ანდა შეიძლება ჰგონიათ, რომ ფეხბურთის მოყვარული ადამიანი გაუნათლებელი და უგუნურია, რომლის IQ მინუს ოცდაათს უდრის. კიდევ, შესაძლოა ბებიების თქმისა არ იყოს, ზოგი რამ შენთვის უნდა შეინახო და ეს ძალიან ცუდია.
შესაბამისად დადგა შედეგიც: ის, რომ ოსიმენმა „ნაპოლისთან” განახლებულ კონტრაქტს ხელი პირდაპირ ვადის ამოწურვის წინ მოაწერა, მედიის ბევრმა საშუალებამ პირიქით აღიქვა. ზოგმა საინფორმაციო საშუალებამ ისე დახატა, თითქოს ეს იყო თანამშრომლობის გულწრფელი განახლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიგერიელი ამიერიდან „ნაპოლიში” დარჩება. ქომაგებმა ეს ცხადია არ დაიჯერეს. ხელფასის რეაქტიული ზრდა იყო კლუბის ლეგიტიმური რეაქცია, რომელიც მას ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე დაიცავს და მეტი არაფერი. ოსიმენი რასაკვირველია გაიყიდება, ოღონდ დაახლოებით იმ თანხად, რაც გამოსყოდვის პუნქტში წერია, ხოლო დე ლაურენტისი დიდძალ ფულს აღარ დაკარგავს, როგორც, მაგალითად, ჟელინსკის შემთხვევაში ხდება.
ეს ყველაფერი იმდენად აშკარა იყო, რომ თვალი არავის დაუხამხამებია. ისინიც კი ვინც ამ კონცეპციას აკრიტიკებს დარწმუნდნენ, რომ ფეხბურთი ინდუსტრიაა, კლუბები კი კომპანიები. ქების ღირსია „ნაპოლიც”, რომელმაც უხეიროდ გატარებული ზაფხული ბოლოწამს გამოასწორა. მაშ, გაუგებარია რატომ უნდა დავამახინჯოთ სინამდვილე? ნუ დავივიწყებთ, რომ თუ ნიგერიელი კლუბში დარჩება, დე ლაურენტისს მისთვის წელიწადში ხელზე 10 მილიონი ექნება გადასახდელი. ვფიქრობთ, ამას სხვა არგუმენტის დამატება აღარ სჭირდება.
და ბოლოს, არავის გაკვირვებია კვარაცხელიას აგენტის განცხადება. მისი ნათქვამი რასაკვირველია უტაქტო, მაგრამ სიმართლე იყო. ერთადერთი ის არის გასარკვევი ვიქტორი მართლა საუდის არაბეთში წავა თუ პრემიერლიგაში. თუმცა, რომ წავა, ამაში ეჭვი არავის ეპარება და არც CBS-ის გახმაურებულ ინტერვუმდე ეპარებოდა ვინმეს. სწორედ ამიტომ არ დაიწყო ნიგერიელის ინტერვიუს შემდეგ ნეაპოლში კრიზისი, თუმცა… ზოგიერთი ჟურნალისტის დარწმუნება იმაში, რომ გულშემატკივარი და იდიოტი სინონემები არ არის, მაინც ძალიან ძნელია.
მასიმილიანო გალო, ilnapolista





