გასული უქმეები იშვიათად ბარაქიანი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩემპიონთა თასის მატჩებში 2 ქართული ლელო გავიდა, ჩელენჯ კაპზე – ერთი, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში ჩვენებურის ასევე ერთი ლელო დაფიქსირდა, პლუს ამას თედო აბჯანდაძემ ტრავმის მერე დაბრუნება შედეგიანი დარტმებით აღნიშნა.
ჩემპიონთა თასი
დავით ნინიაშვილს ჩელენჯ კაპზე უამრავი მატჩია აქვს ჩაატარებული, არაერთი ლელოც დაუდია და ეს ტურნირი სულაც მოგებული აქვს. აი, ჩემპიონთა თასზე კი მან სადებიუტო შეხვედრა გამართა. ლონდონში „სარასენსთან“ დაპირისპირებაში „ნინის“ „ლიონი“ 24:39 კი დამარცხდა, თუმცა მერვედფინალში გასულ ისედაც იყო, ხოლო დათუნამ შეუცვლელად ჩატარებული მატჩის მე-14 წუთზე საოცარი ლელო გაიტანა – საკუთარ ნახევარზე, მარჯვენა ფრთაზე ბურთი მიიღო და მიზნისკენ ისე გაიქცა, რომ მდევრები უფრო სიმბოლურად გაეკიდნენ. მართალია, ბოლო 10 წუთი ნინიაშვილმა სინბინში გაატარა, მაგრამ იმ ლელომ ყველაფერი გადაფარა, იმდენად შთამბეჭდავი იყო.
აი, ვეტერან ბორჯღალოსან მეორეხაზელს კოტე მიქაუტაძეს ჩემპიონთა თასზე თამაშის უზარმაზარი გამოცდილება აქვს, კერძოდ, მისი „ბაიონის“ ინგლისურ „ექსეტერთან“ 40:17 მოგებული მატჩი მისთვის რიგით 23-ე იყო მთავარ ევროთასზე, მაგრამ კოტემ კარიერაში პირველი ლელო გაიტანა. 2-მეტრიანმა ქართველმა მარცხენა ფრთაზე რაქიდან ამოგდებული ბურთი მიიღო და ლელოში შევარდა, სადაც მისი გაჩერება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს მე-18 წუთზე მოხდა, 47-ეზე კი კოტე მინდვრიდან ვალმოხდილი გავიდა. „ბაიონმა“ კი ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა და ჩელენჯ კაპზე გადაინაცვლებს.
„ტულონი“ კი ჩაფლავდა – ოთხივე მატჩი წააგო. ჯგუფური ეტაპის ფინიშზე ევროპის სამგზის საკლუბო ჩემპიონმა გლაზგოში 5:29 წააგო. ტულონელთა რიგებში ჩემპიონთა თასზე დებიუტი ვასილ ლობჟანიძეს ჰქონდა, რომელმაც პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა.
„რასინგ-92“ კი მერვედფინალში გავიდა – უელსური „კარდიფი“ ფორით, 48:26 დაამარცხა. პარიზელთა შორის 54-ე წუთზე გია ხარაიშვილი გამოჩნდა.
ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა „ლა როშელმა“ თავის ჯგუფში მესამე ადგილი ლონდონში „სეილ შარქსის“ 37:24 ძლევის ხარჯზე დაიკავა. ფრანგულ გუნდში 53-ე წუთზე შეცვლაზე სანდრო ქუნთელია შევიდა.
ამავე ჯგუში „სტად ფრანსემ“ სრული ფიასკო განიცადა – ყველა მატჩი წააგო, მათ შორის – დასკვნითიც – პარიზში აფრიკულ „სთორმერზთან“ 20:24. ვასილ კაკოვინი შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა და 10 წუთში თავი სინბინში ამოჰყო.
ჩელენჯ კაპი
„შავი ლომის“ ჯგუფის შესახებ უკვე მოგახსენეთ, ა ჯგუფში კი გურამ პაპიძის „პომ“ იტალიური „ძებრე“ 28:27 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ბორჯღალოსანმა სრული მეორე ტაიმი ითამაშა.
აი, ირაკლი მირცხულავას „ოიონაქსი“ კი ბოლო ადგილზე დარჩა, არადა ფინიშზე აფრიკული“ჩიტასი“ 28:27 კი დაამარცხა. ვეტერანმა ბორჯღალოსანმა საწყისი 46 წუთი ითამაშა.
ჯგუფური ეტაპი წარმატებით „მონპელიემაც“ დაძლია. იტალიაში „ბენეტონთან“ მარცხმა (19:27) ვანო კარკაძის გუნდს ვერაფერი დააკლო, ხოლო ქართველმა კვაჭმა 48-ე წუთიდან ითამაშა და 67-ეზე ლელოც დადო, რომელიც მისთვის მე-2 გახლდათ ამ გათამაშებაში.
ვახტანგ ჯინჭარაძის „პერპინიანმა“ ბოლო მატჩიც წააგო – შინ ინგლისურ „ნიუკასლთან“ 23:32, ხოლო ქართველი კვაჭი ბოლო 20 წუთით შეიყვანეს თამაშში.
პრო დ2
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში თავი გიორგი ჯავახიამ გამოიჩინა, რომელმაც ამ ლიგაში თავის 98-ე მატჩში მე-9 ლელო მიითვალა, არადა მისი „გრენობლი“ შინ „დაქსთან“ სენსაციურად დამარცხდა – 24:27.
თედო აბჟანდაძემ კი სეზონში თავისი პირველი მატჩი მე-2 წუთზე დაიწყო, როცა „მონტობანის“ სასტარტო 10-იანმა ტრავმა მიიღო. თედომ 2 ჯარიმა გაიტანა და თავისი გუნდის ერთადერთი ლელოც გარდასახა, რამაც მისი ამლიგური მონაგარი 14 მატჩში 72 ქულას გაუტოლა. „მონტობანი“ კი ბრივში 13:38 დამარცხდა.