Madness in Napoli, Victor Osimhen's case and possible consequences |  Flashscore.comიტალიურ ფეხბურთში ახალი სკანდალი აგორდა. უფრო სწორედ, მიძინებულმა სკანდალმა გაიღვიძა. საქმე ეხება 2020 წელს „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მიერ ფრანგული „ლილისგან” ვიქტორ ოსიმენის ყიდვას. არის ეჭვი, რომ ტრანსფერი კანონის დარღვევით განხორციელდა. საქმე ნეაპოლის პროკურატორიდან რომის პროკურატურას გადაეგზავნა.

„ნაპოლიმ” „ლილს” ოსიმენში სულ 71 მილიონი ევრო გადაუხადა, რომელთაგან 21 მილიონი ფულად არ მიუცია. ამ თანხის საფასურად მან ფრანგულს კლუბს გადასცა ფეხბურთელები: ბერძენი მეკარე ორესტის კარნეზისი, ლუიჯი ლიგუორი, კლაუდიო მანცი და ჩირო პალმიერი. როგორც ირკვევა, ბოლო სამი პიროვნება დღეს ფეხბურთელიც არ არის. მათ პროკურატურას მისცეს ჩვენება, რომ „ლილის” წარმომადგენლებთან არასდროს ულაპარაკიათ და შესაბამისად არ ყოფილან საფრანგეთში კონტრაქტზე ხელის მოსაწერად.

ზემოთ ნათქვამზე დაყრდნობით რომის პროკურატურა სავარაუდოდ წინასწარ მოსმენებს დანიშნავს. თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

საქმე სპორტული სამართლიანობის მიმართულებითაც გაირჩევა — ფედერალურმა პროკუტარურამ თავის მხრივ რომის პროკურატურიდან გამოითხოვა დოკუმენტები. დეტალებში აღარ შევალთ, მაგრამ როგორც იტალიური პრესა წერს, „ნაპოლის” ისტორია ძალიან ჰგავს „იუვენტუსისას”, რომელსაც გასულ სეზონში ფინანსური მაქინაციების გამო სერია A-ს ცხრილში 10 ქულა დააკლეს. რამდენად ემუქრება „ნაპოლის” იგივე? ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული. თუ დადგინდა, რომ „პარტენოპეელებმა” „ბებერი ქალბატონის” მსგავსად სპორტული პატიოსნების პრინციპი დაარღვიეს, გამორიცხული არაფერია.