იტალიის სუპერთასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა პირველის, „ნაპოლისა” და „ფიორენტინას” შეხვედრის მსგავსად 3:0 დასრულდა — „ინტერმა” „ლაციო” ყველა პარამეტრით დაჯაბნა. გოლები გაიტანეს მარკუს ტურამმა, ჰაქან ჩალჰანოღლუმ და დავიდე ფრატეზიმ. როგორც calciomercato-ს მიმომხილველი პასკულე გუარო წერს, საფინალო სასტვენის შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება ძალიან გაჭირდა, რადგან სიმონე ინძაგის ქვეშევრდომთაგან ყველამ საუცხოოდ ითამაშა. „ინტერის” შესრულებით უმაღლესი კლასის სანახაობას ვუყურეთ.
„თუ მილანელები ასე ითამაშებენ, საუკეთესოს ძებნას აზრი დაეკარგება. თუ მაინცდამაინც ერთი კაცის გამოყოფა გვინდა, ის სათადარიგოთა სკამზე ზის და სიმონე ინძაგი ჰქვია”, — წერს გუარო და ცდილობს ასეთი გუნდის დამზადების რეცეპტი ამოიცნოს. რეცეპტი ვახსენეთ და, რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ინგრედიენტებს აქვს. „ინტერის” დამზადებისას ინძაგიმ უმაღლესი ხარისხის მასალა გამოიყენა, მაგრამ მარტო მასალა საკმარისი არ არის. მატჩის დამთავრების შემდეგ მწვრთნელმა თქვა: „ვულოცავ ჩემს ბიჭებს. ვიდექი სათადარიგოთა სკამთან და სიამოვნებით ვუყურებდი მათ თამაშს”.
და როდესაც საქმეს სიამოვნებით აკეთებ, ის კარგად გამოდის, თუმცა პრეს-კონფერენციაზე ენამწარე ჟურნალისტებმა ინძაგის კითხვა შეუბრუნეს: — „იუვენტუსის” თამაშის ყურებაც ასეთივე სიამოვნებას განიჭებთ?
ინძაგიმ უპასუხა: „კარგად ბევრი გუნდი თამაშობს, მაგრამ მე ჩემი მყავს. „ინტერის” თამაში მარტის შემდეგ კარგი სანახავია. როდესაც გუნდში მივედი (2021 წლის ივნისი), მიზნად მეოთხე ადგილზე გასვლა დამისახეს, სამ თვეში კი სკუდეტო პროგრამა მინიმუმი გახდა. და ეს არ მაწუხებს. პირიქით, ეს კარგია”.
იტალიაში ამბობენ, რომ ასეთი ძლიერი „ინტერი” ბოლო ოცი წელიწადია არავის უნახავს. მას 22 იანვარს, იტალიის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” უნდა დაუპირისპირდეს. შეხვედრა საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.





