შაბათს, 17 საათზე, „მიხეილ მესხზე“ სარაგბო ევროტურნირის, კერძოდ კი, ჩელენჯ კაპის მატჩი დაიწყება – ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართული „შავი ლომი“ ფრანგულ „კლერმონს“ უმასპინძლებს. ის, რომ ასეთი ბობოლა კლუბი საქართველოს პირველად ეწვევა – თავისთავად დიდი ამბავია. „კლერმონი“ არათუ საფრანგეთის მასშტაბით, არამედ ევროპული საზომითაც დიადი კლუბია.
მართალია, დღესდღეობით „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ (ეს ყვითელკვართიანი „კლერმონის“ თიკუნია) ვერაა ისეთივე მრისხანე, როგორიც თუნდაც რამდენიმე წლის წინ, როცა, სხვათა შორის მის ღირსებას ლეგენდარული ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი იცავდა, მაგრამ იმ უმდიდრეს ისტორიას, საუკუნეზე მეტხანს რომ გრძელდება, ვერსად გაექცევი. და ზოგადად, გრანდობა არა ამდღევანდელი კონდიციით განპირობებული, არამედ წარსულში დაპყრობილი სიმაღლეებით და საზოგადოებაში მოხვეჭილი ავტორიტეტით განისაზღვრება. ჰოდა „კლერმონიც“ სწორედაც რომ ასეთია.

პროვინციული კლერმონის სარაგბო კლუბი საფრანგეთის მხოლოდ 2-გზის ჩემპიონია, მაგრამ ამ შეჯიბრების ფინალში კიდევ 12-ჯერ უთამაშია, რაც მის იღბლიანობაზე ნამდვილად არ მეტყველებს. დიახ, „ვულკანების“ (ესეც „კლერმონის“ მეტსახელია), 12 შიდა ფინალი აქვს წაგებული. ეს კი არა, ევროპაშიც მსგავსი რამ ხდებოდა – ჩემპიონთა თასის ფინალში სამჯერ ნამყოფმა კლუბმა სამივე ჯერზე წააგო…
სამაგიეროდ, აი ამ, საანგარიშო ტურნირის ფინალში კი 4-ჯერ ყოფილა და 3 ტიტულიც აქვს, რაც ჩელენჯ კაპის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
„მესხზე“ „კლერმონი“ უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება. ერთი დებიუტანტი ცენტრის გარდა ყველა ცნობილი და გამოცდილი მორაგბეა. აქ არიან არგენტინელები ლავანინი, კრემერი და დელგუი, ავსტრალიელი ფაინგაა, ფიჯელი სოვაკულა, ტონგელი მოალა, თუნდაც მოლდოველი ბურჯი ოჟოვანი. ცხადია, ფრანგებიც არიან, მათ შორის ნაკრების ყოფილი 9 ნომერი სებასტიენ ბეზი. ფაქტია, „კლერმონი“ გასართობად არ ჩამოსულა და 5 ქულის მოპოვებით იმუქრება.
მოკლედ, „შავ ლომს“ ისტორიაში ყველაზე მკაცრი გამომცდელი ეყოლება. „კასტრიც“ და „გლოსტერიც“ ტიტულოვანები არიან, არც ტრადიციები დაეწუნებათ, მაგრამ „კლერმონი“ სულ სხვაა – თავისი რესპექტაბელურობით, ავტორიტეტით და გარკვეული შარმითაც კი.
„შავ ლომს“ საბედნიეროდ, მეორეხაზელი მიშა ბაბუნაშვილი დაუბრუნდა, რომელიც კარგი მხტომელი გახლავთ და დერეფანში პრობლემების დალაგების იმედს გვიჩენს. ლუკა ივანიშვილმაც იცის დერეფანში თამაში, თუმცა მისი ქარიზმატულობა მოედნის ყველა წერტილში უბრალოდ ფასდაუდებელია და ისიც შემადგენლობაშია. სასიხარულოა, რომ მსოფლიო თასზე დაშავების შემდეგ თენგიზ ზამთარაძეც სრულ მზადყოფნაშია და ისიც დერეფანში ბურთს, იმედია, სტაბილურად შეაგდებს.
ჰო, და კიდევ ის, რომ თუ „შავმა ლომმა“ ეს მატჩი ბონუსით მოიგო და მერვედფინალში გავიდა, ეს ხომ თავისთავად არნახული წარმატება იქნება, გარდა ამისა კი გუნდის მწვრთნელობას ამ ტურნირზე კვლავაც ლევან მაისაშვილი გააგრძელებს და ბიჭებს ამ გზით მისთვის მადლობის გადახდა სურთ…
„შავი ლომის“ შემადგენლობა „კლერმონთან“ მატჩში
- დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე, 10. ლუკა მატკავა, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 13. გიორგი კვესელაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 15. მირიან მოდებაძე.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.