
საუდის არაბეთში გამართულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის სათამაშო სქემა შეცვალა, 3-4-3 განლაგებაზე გადავიდა, შესაბამისად გადაასხვაფერა ფეხბურთელების ინდივიდუალური დავალებებიც და „ფიორენტინას” 3:0 მოუგო. ძნელია იმის მტკიცება, რომ ეფერქტური ანგარიში მაცარის ტაქტიკური ცვლილების მყისიერი შედეგია, მაგრამ დამთხვევა თვალწინ არის. მიმომხილველებს ენიშნათ, რომ ახალ სქემაში ხვიჩა კვარაცხელიას შეეცვალა თამაშს აქცენტები და იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად გაეზარდა სამუშაო დაცვაში, შეტევაში ვეღარ გაილაღა. „ფიორენტინასთან” ქართველი გარემარბი ინდომებდა, მაგრამ ის, რითაც ადრე აღაფრთოვანებდა ხალხს, არ უჩვენებია. მაცარიმ კვარაცხელია 72-ე წუთზე შეცვალა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა მწვრთნელს სხვა კითხვებთან ერთად კვარას „მსხვერპლად შეწირვის” შესახებაც ჰკითხეს, რაზეც მწვრთნელმა უპასუხა:
„კვარაცხელია ახალ ტაქტიკას მსხვერპლად შევწირე? ვერ ვხვდები რას გულისხმობთ. თუ სპალეტის დროინდელ კვარას ადარებთ, ის დაცვაში მაშინაც იმას აკეთებდა, რაც დღეს აკეთა. 3-4-3 განლაგების დროს სამი თავდამსხმელი ისევე მოქმედებს, როგორც 4-3-3 სქემით თამაშისას. კვარა დაცვას ზუსტად ისე ეხმარებოდა, როგორც გასულ სეზონში ძლიერ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრებში. მართალია, მეორე ტაიმში მე ის უფრო სიმეონესკენ გავწიე, მაგრამ ეს ძნელი შესამჩნევი იყო, რადგან „ფიორენტინა” ვაჟკაცურად თამაშობდა”.
სხვა კითხვებზე მაცარის პასუხები ასეთი გახლდათ:
„…შედეგებს ბევრი რამ განაპირობებს. ასეა მაშინაც, როდესაც ჩვენ დაუმსახურებლად ვმარცხდებით. დღეს ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. მე დაკვირვებით შევისწავლე „ნაპოლისა” და „ფიორენტინას” პირველი წრის მატჩი, როდესაც თავად „ნაპოლის” მწვრთნელი არც კი ვიყავი და ვცდილობდი მიმეგნო თამაშის ისეთი ხერხისთვის, რომელიც „ფიორენტინას” მისთვის მოუხერხებელ მდგომარეობაში ჩააყენებდა. მიხარია ფეხბურთელებმა ჩემი დავალება სწორად რომ გაიგეს…”
„…როდესაც შესაფერისი მახასიათებლების მქონე მოთამაშეები მეყოლება სიამოვნებით დავუბრუნდები 4-3-3 სქემას. ამ სქემით თამაში ყოველთვის მიყვარდა და გარწმუნებთ, თუ საჭირო ფეხბურთელებს ვიპოვი, მეც სპალეტის „ნაპოლივით” ვითამაშებ. დღეს მაშინდელ გუნდთან შედარებით ექვსი თუ შვიდი ფეხბურთელი გვაკლდა, თუნდაც ლოსანო და ელმასი რად ღირს. მე გახლავართ მწვრთნელი 23-წლიანი გამოცდილებით და მერწმუნეთ, არ გამომეპარება ის მომენტი, როდესაც გუნდი 4-3-3 სქემით თამაშისთვის მზად იქნება…”
„…თუ დააკვირდით, ბურთის ფლობის ფაზაში ლობოტკას თამაში არ შეცვლილა. ეს იყო 3-3-3-1-ის ნაირსახეობა, რადგან კაიუსტე სიმეონეს უკან, კვარას და პოლიტანოს შუაში დავაყენე. ასე რომ, ლობოტკას შეეძლო ეკეთებინა ის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე — შეესრულებინა უკანდახეული გამთამაშებლის საქმე. და მან დიდებულად ითამაშა. ძალიან მომეწონა კაიუსტეც. ის სერია A-ს ბოლო შეხვედრაშიც კარგი იყო და საერთოდ, ამ ამპლუაში მომწონს. იენსი ბოლომდე იხარჯება, დღესაც კუნთის კრუნჩხვები ჰქონდა. პირველად რომ მოუვიდა შემეშინდა, ვიფიქრე დაშავდა და ერთი თვე ვეღარ ითამაშებს მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს უბრალო კრუნჩხვა იყო. იმედი მაქვს, რომ სერიოზული კვლავ არაფერია…”
„…მაცოკი მგონი დაღლილი იყო, რადგან თავი არაფრით გამოუჩენია. ძერბინზე კი ასე გეტყვით: ხშირად ფეხბურთელს უცხოეთში ეძებ და მხედველობიდან გეპარება, რომ ასეთი შინ გყავს. მას აქვს კლასი და ოსტატობა, გონიერია. გადამწყვეტ მომენტებში მეტი სითამამე სჭირდება. ჩემი აზრით ის ტალანტია, თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და ტაქტიკურად დახვეწილია. თუ ასე განაგრძობს, დიდი მომავალი ელის…”