პორტალმა ilnapolista-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტ მასიმილიანო გალოს წერილი, რომელიც საუდის არაბეთში მიმდინარე იტალიის სუპერთასის შეხვედრებს ეხება. ავტორი წერს:
„რიადში „ნაპოლისა” და „ფიორენტინას” შეხვედრას 9 ათასი მაყურებელი დაესწრო. ეს მოხდა სტადიონზე, რომელიც 25 ათას გულშემატკივარს იტევს. ფაქტობრივად, თამაშზე არავინ იყო, ნაგებობა ნახევრად ცარიელი დარჩა. მართალია კამერები დაჟინებით ცდილობდნენ, კადრში მხოლოდ ხალხით შევსებული რიგები გამოეჩინათ, იტალიელ კომენტატორებზე ცარიელი ტრიბუნების ხედმა როგორც ჩანს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომაც ისმოდა აღშფოთებული საუბრები ფეხბურთის დამახინჯებასა და საჭის გარეშე დინებას გაყოლაზე”.
შემდეგ ავტორი ლაპარაკობს დიდი იტალიელი მსახიობისა და რეჟისორის ალბერტო სორდის ფილმზე „სანამ ომია, იმედიც არის”, რომელიც საბჭოთა გაქირავებაში სხვა სახელწოდებით გადიოდა: „სიკვდილით მოვაჭრენი”. ფილმში მოთხრობილია იარაღით მოვაჭრის ამბავი, რომელიც სისხლიანი ფულით ოჯახს მდიდრულად აცხოვრებს და არც ოჯახი ამბობს ფუფუნებაზე უარს, მაგრამ როდესაც მის საქმიანობას ამხელენ, ცოლი და შვილები დაგმობენ. გალო პარალელს ავლებს სორდის გმირისა და თანამედროვე საფეხბურთო სამყაროებს შორის. ის მწარედ კბენს მაურიციო სარის, რომელსაც მგზნებარე ანტი-კაპიტალისტური გამონათქვამებით უყვარს თავის მოწონება გეგონება არ იცოდეს, თუ როგორ შოულობს სისტემა ფულს, რომელსაც მას უხდის. ფულს, რომელიც განუზომლად აღემატება ხელფასს, რომელსაც „ლაციოს” თავკაცი ბანკში მუშაობის წლებში იღებდა. იმავეს თქმა შეიძლება ვალტერ მაცარიზეც. და საერთოდ, სტატიის ავტორის აზრით, დღევანდელ საფეხბურთო იტალიაში ძნელია მოძებნო ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ იცის როგორ იშოვება უზარმაზარი ხელფასები. რომ საჭიროა ბურთი აგორო არა იქ, სადაც ფეხბურთით ცხოვრობენ არამედ იქ, სადაც ფულს იხდიან.
გალოს აზრით ფეხბურთს პოლიტიკასა და ბიზნესთან დადებული აქვს პირობა, რომ თვალთმაქცობის საზღვარს არ დაარღვევს. ის გულშემატკივრებიც კი, რომლებიც დღეს იტალიის სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარების წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ, ხვალ აჯანყდებიან თუკი მათი საყვარელი გუნდები სატრანსფერო ბაზარზე ძვირადღირებულ ვარსკვლავს არ იყიდიან. „მათ უნდათ, რომ ჰყავდეთ ძლიერი ფეხბურთელები, გუნდები შინ თამაშობდნენ და თან ეს ყველაფერი იაფად მიიღონ”, — წერს ჟურნალისტი, რის შემდეგაც „ნაპოლისა” და „ფიორენტინას” შეხვედრას უბრუნდება.
„იტალიის სუპერთასი არაბეთში იმიტომ ტარდება, რომ შემოსავალი 23 მილიონია, რომლიდანაც 8 მილიონი გამარჯვებულს გადაეცემა, ხოლო 5 მილიონი ფინალისტს. ამრიგად „ნაპოლიმ” 5 მილიონი ევრო უკვე გაინაღდა, რაც პასკუალე მაცოკის ტრანსფერში გადახდილ ფულზე ორჯერ მეტია. იტალიაში სამ შეხვედრაში 23 მილიონს არავინ გადაიხდიდა.
ერთადერთი ფასეული არგუმენტი საუდის არაბეთში თამაშის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დარღვევაა. მაგრამ, ჩვენ ვერც ისეთ გახმაურებულ (ან თუგინდ ნაკლებად ცნობილ) შემთხვევას ვიხსენებთ, სადაც იტალიური ფეხბურთი აიმაღლლებდა ადამიანთა უფლებების საკითხებზე ხმას. ეს საკითხები იტალიური ფეხბურთისთვის უბრალოდ არ არსებობს და როდესაც მათ ეჯახება, საზიზღრობამდე მისულ ჩამორჩენილობას ამჟღავნებს.
დიახ, ფეხბურთში ტრიბუნაზე მისული ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ სულ უფრო ნაკლებ გადამწყვეტია. ცხადია, რომ ფეხბურთი ბილეთების გაყიდვიდან მიღებული ფულით ვერ იარსებებს. მნიშვნელობა მხოლოდ სატელევიზიო აუდიტორიას და სპონსორებს აქვთ. ამ შემთხვევაში კი სპონსორი იტალიის სუპერთასის მასპინძელი ქვეყანაა, რომელმაც დიდძალი ფული გადაიხადა. დანარჩენი ჩვეულებრივი თვალთმაქცობაა. ამიტომაც კითხვაზე, თუ საით მიექანება ფეხბურთი, ჩვენი პასუხი ასეთია: იქ, საითაც ყოველთვის მიექანებოდა და საითაც მომავალშიც წავა — ფულისკენ.