Roma player Paulo Dybala and coach Josè Mourinho during training session at Centro Sportivo Fulvio Bernardini on November 08, 2023 in Rome, Italy.
პაოლო დიბალა და ჟოზე მოურინიუ

როგორც პორტალი Dagospia წერს (ეს გახლავთ ცნობილი ადამიანების ცხოვრების დამალული ამბების გამომამზეურებელი საიტი), „მილანთან” 1:3 დამარცხების შემდეგ, „რომას” მეპატრონე დან ფრიდკინი და მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ ერთმანეთს შეხვდნენ და… გვარიანად იჩხუბეს. პორტუგალიელმა ამერიკელს ცრუ დაპირებებში დასდო ბრალი. ასეთ ვითარებაში ფრიდკინების ოჯახს არ შეეძლო სხვა გადაწყვეტილების მიღება გარდა „განსაკუთრებულის” სამსახურიდან გაშვებისა.

Dagospia წერს, რომ შეხვედრის დროს ისმოდა უხეში სიტყვები და ბრალდებები. გამწვავებას ფაქტობრივად დრო არც დასჭირვებია, მხარეები პირდაპირ ჩხუბზე გადავიდნენ.

პორტალის მტკიცებით „ჯალოროსის” მეპატრონეთათვის ნათელი გახდა, რომ ასეთი კონფლიქტის შემდეგ გუნდში მდგომარეობის დაწყნარების ერთადერთი გზა მწვრთნელად ოდინდელი რომაელის დანიელე დე როსის დანიშვნა იყო.

მოურინიუს გაგდებას ინსტაგრამზე „რომას” ცნობილი ფეხბურთელი, არგენტინელი პაოლო დიბალა გამოეხმაურა. ის თავისი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვას არ მოერიდა, დაპოსტა თავისი და პორტუგალიელის ფოტო, რომელსაც მიაწერა: „გმადლობთ, მისტერ! გმადლობთ ყველაფრისთვის… თქვენთან მუშაობა უდიდესი სიამოვნება იყო. დიდი მადლობა რჩევებისთვის და ყოველი სიტყვისთვის, რომელიც ჩემთვის ოდესმე გითქვამთ. თქვენ და თქვენს ასისტენტებს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. იმედი მაქვს, მალე შევხვდებით”!

საინტერესოა, რომ „განსაკუთრებულის” თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა არც მეტი არც ნაკლები იტალიის სპორტის მინისტრმა ანდრეა აბოდიმ. მან თქვა, რომ „რომას” პატრონების გადაწყვეტილებაზე სინამდვილეში გუნდის შედეგებმა კი არა, სხვა ფაქტორებმა იმოქმედეს.