იტალიის თასის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთან” შინ 0:4 წააგო. შეხვედრა ქართველებისთვის დიდად იღბლიანი არ გამოდგა. კვერნაძემ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების დროს კი გამოცვალეს — ანგარიში ჯერ 0:0 იყო. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და „ნაპოლიმ” ამის მერე გაუშვა ოთხი გოლი. მოედანზე ხვიჩასთან ერთად შევიდა ვიქტორ ოსიმენიც. მანამდე მოედანზე შევიდნენ სტანისლავ ლობოტკა და ჯოვანი დი ლორენცო. რეალურად, „ნაპოლიმ” თამაში მას მერე წააგო, რაც მისი შემადგენლობა ყველაზე მეტად დაემსგავსა ძირითადს.
„ფროზინონე” მეოთხედფინალში „იუვენტუსსა” და „სალერნიტანას” შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს შეხვედრა ტურინში 4 იანვარს გაიმართება.
მატჩის შემდეგ „ფროზინონეს” მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ თქვა: „ეს იყო გმირობა. ბიჭებმა თავდადებით ითამაშეს, მათაც კი, ვისაც ჩვეულებრივ არ უწევს მოედანზე გასვლა”.
frosinonetoday-მ კვერნაძის თამაში 6,5 ქულით შეაფასა და დაწერა: „უფრო თავდაცვით იყო დაკავებული, ვიდრე შეტევით”.
„ნაპოლის” მწვრთნელი ვალტერ მაცარი: „ჩვენ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე მერე, როდესაც მოედანზე ძირითადის ფეხბურთელები შევიდნენ. მინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო, ისინი ამას არ იმსახურებდნენ. ხვალ დავსხდებით და ყველაფერზე დავილაპარაკებთ. „ნაპოლი” მაშინაც „ნაპოლი” უნდა იყოს, როდესაც 0:2-ს აგებს. შეხვედრის ასე დასრულება და მსაჯის წამატებულ წუთებში ორი გოლის გაშვება არ შეიძლება. ხალხმა გვისტვინა? ისინი ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. როდესაც მოედანზე სასტარტო შემადგენლობის ხუთი ფეხბურთელი შევიყვანე, როგორც ჩანს გუნდმა ჩათვალა, რომ თამაში უკვე მოგებული ჰქონდა”.
ვეტერანმა ფეხბურთელმა, კომენტატორმა და პოლიტიკოსმა მასიმო მაურომ, რომელიც „ნაპოლიში” დიეგო მარადონას დროს გამოდიოდა, ხოლო კარიერაში სამი უდიდესი ვარსკვლავის მარადონას, ზიკოსა და მიშელ პლატინის მხარდამხარ უთამაშია თავისი ყოფილი გუნდი მიწასთან გაასწორა: „დღეს მე ვნახე „ნაპოლი”, რომლის ფეხბურთელებს თანაგუნდელებისთვის პასის მიწოდება არ უნდოდათ. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც თავის გამოჩენა უფრო აინტერესებდათ, ვიდრე მოგება. გვარსაც გეტყვით: რასპადორი. ფეხბურთელის ამოცანა უპირველეს ყოვლისა თამაშის მოგება უნდა იყოს და უბრალო, ლოგიკური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ არ უნდა მიდიოდეს. ხოლო, როდესაც დავინახე, რომ მოედანზე ოთხი ვარსკვლავი (დი ლორენცო, ლობოტკა, კვარაცხელია, ოსიმენი) შევიდა და ამის მერე გუნდმა ოთხი გოლი გაუშვა, გულწრფელად გაკვირვებული დავრჩი”.





