15 დეკემბრის შუაღამე ქართული რაგბის მორიგი დიდი გამოცდის თარიღი და დროა. უელსის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰლანეჰლის სარაგბო სტადიონ „პარკ ი სკარლეტსზე“ ჩვენი „შავი ლომი“ ადგილობრივ ფრენჩაიზ „სკარლეტსს“ დაუპირისპირდება.
ეს იქნება EPCR-ის (ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის) ეგიდით მიმდინარე რანგით მეორე ევროტურნირის – ჩელენჯ კაპის მეორე ტურის მატჩი. პირველ ტურში ორივე დამარცხდა – ქართველებმა შინ ინგლისურ „გლოსტერთან“ 10:15 წააგეს და ბონუს-ქულა, ხოლო უელსელებმა საფრანგეთში „კასტრს“ ბონუსიანი გამარჯვება დაუთმეს – 16:34.
სხვათა შორის, ზუსტად 2 წლის წინ ამ არენაზე უელსურ-ქართული ჯახი უკვე შემდაგრა. 2021 წლის შემოდგომაზე, კოვიდის პანდემიის პირობებში გამართულ „შემოდგომის ერთა თასზე“ უელსის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს უმაპინძლა და მშრალი ანგარიშითაც დაამარცხა – 18:0.
დღევანდელ ფრენჩაიზებში იმ მატჩის რამდენიმე მონაწილეა. კერძოდ, პარასკევს უელსელებს შორის შუამარბი ჯონი უილიამსი იქნება, რომელიც, სხვათა შორის, მსოფლიო თასზეც იყო „დრაკონების“ შემადგენლობაში. „შავი ლომის“ სასტარტოში კი გრიგორ ქერდიყოშვილი, კაპიტანი მერაბ შარიქაძე და აკა ტაბუცაძე იქნებიან, რომლებმაც „პარკ ი სკარლეტსზე“ შარშანწინაც ითამაშეს.
თუკი შემადგენლობებს გადავხედავთ, უელსურ ფრენჩაიზში ქართველების წინააღმდეგ გამოცდილები და ახალგაზრდები ითამაშებენ, რომელთაგან ყველაზე ცნობილები არიან ხსენებული ჯონი უილიამსი, უელსის ნაკრების ვეტერანი 9 ნომერი გარეთ დეივისი, ფულბექი ტომ როჯერსი და ბურჯი ჰარი ოქონორი.
რასაკვირველია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად უცნობილესი ტონგელი 8 ნომერი ვაეა ფიფიტა უნდა მივიჩნოთ, რომელმაც მსოფლიო თასზე თავის ეროვნულ გუნდს ჯერ ირლანდიელებთან უკაპიტნა და ლელოც კი დაუდო, შემდეგ კი შოტლანდიასთანაც მაგრად იომა და მსოფლიო თასი წითელი ბარათის მიღების გამო ნაადრევად დატოვა. 31 წლის ტონგელი ნამდვილი ვარსკვლავია, „სკარლეტსამდე“ ინგლისურ „უოსპსა“ და ახალზელანდიურ „ჰარიქეინზში“ თამაშობდა.
რაც შეეხება „შავ ლომს“, ლევან მაისაშვილს საკადრო პრობლემები ხომ ისედაც უხვად ჰქონდა, ახლა კი უამრავ ტრავმირებულს მიხეილ ბაბუნაშვილი, ილია სპანდერაშვილი და გიორგი კვესელაძეც დაემატნენ. პირველი ზემოთ ხსენებულმა ქერდიყოშვილმა ჩაანაცვლა, მეორე – გიორგი კერვალიშვილმა, ხოლო შუამარბის პოზიციას თორნიკე კახოიძე დაიკავებს.
დღევანდელ სატურნირო ცხრილში შავი ლომი“ 1 ქულით მეოთხე ადგილზეა, უქულო „სკარლეტსი“ – მეხუთეზე. ცნობისთვის, მერვედფინალში თითოეული ჯგუფის 4 მოწინავე გუნდი გადის.ცხრილის სათავეში კი 5-5 ქულით ფრანგული ტიტანები არიან – „კლერმონი“ და „კასტრი“.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „სკარლეტსთან“ მატჩში:
- დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა მატკავა, 11. ოთარ ლაშხი, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 13. თორნიკე კახოიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. მირიანი მოდებაძე.
მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.