Frank Anguissa of Napoli SSC talks with his teammate Khvicha Kvaratskhelia of Napoli SSC during the Serie A TIM match between Juventus and SSC Napoli...იტალიური მედია განსაკუთრებულ ყურადღებას „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში (1:0) ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ვერ-გამოყენებულ ხელსაყრელ მომენტზე ამახვილებს, როდესაც ქართველი გარემარბი ვიქტორ ოსიმენის პასით მეკარე ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ შევიდა და ვერ გაიტანა. ამ შეცდომის გამო ბევრმა საიტმა კვარაცხელია „აძურის” ფეხბურთელთა შორის ყველაზე დაბალი ნიშნით შეაფასა: ათბალიანი სისტემით ზოგმა 5, ზოგმა კი 4,5 დაუწერა. ისინი, ვინც გუშინ „პარტენოპეელთა” ახალწვეულს მარადონას ადარებდნენ ახლა ამბობენ, რომ ის „კვარადონადან კვოშმარამდე” (da Kvaradona a Kvhorror!) დაეცა. areanapoli-მ კი ამ შეხვედრაში მის მოქმედებებს მოკლე წერილი მიუძღვნა, სადაც აღნიშნულია, რომ კვარაცხელია „იუვენტუსთან” მატჩში ხალხს ბურთის აცილების საოცარი ეპიზოდით დაამახსოვრდება. ამ ეპიზოდში ქართველმა ვერც ბურთი დაიმორჩილა და დარტყმითაც ძალიან უზუსტოდ, მაღლა დაარტყა. თუმცა, პორტალი წერს, რომ ასეთი რაღაცები ხდება. გასაკვირი შეცდომები თვით ხვიჩას დონის ფეხბურთელებსაც მოსდით, აი ის ეპიზოდი კი, როდესაც გარემარბმა თავი ვერ მოთოკა, გატის ბურთი ესროლა და ყვითელი ბარათი მიიღო, მეტ ყურადღებას იმსახურებს და შეშფოთთების საბაბს იძლევა.

areanapoli-ს აზრით კვარაცხელიას კალიბრის მოთამაშე ფედერიკო გატის მსგავსი პროვოკატორის ეშმაკობებზე არ უნდა წამოეგოს. თან, გაფრთხილებამ ქართველი კიდევ უფრო ააღელვა. ის მსაჯ დანიელე ორსატოსთან გაცხარებულ დავას იწყებდა, რასაც შეიძლება მისი უფრო მკაცრად დასჯა გამოეწვია. საბედნიეროდ, ვითარებაში სწრაფად გაერკვა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც კვარას მივარდა, გაიყვანა და უთხრა: „ხვიჩა, გონება ჩართე. გონება!” საბედნიეროდ, კვარაცხელია დაწყნარდა.