„ინტერისა” და იტალიის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა და მისი სარდინიელი მოდელი მეუღლე ფედერიკა სკიევენინი უახლოეს მომავალში მეოთხე შვილს ელოდებიან. ეს ამბავი საზოგადოებამ ქალის ინსტაგრამ-პოსტიდან შეიტყო. „ჩვენ შენ გელოდებით პატარა ბარელა”, — წერს ფედე სკიევენინი, რომლის ტექსტიდან იმასაც ვიგებთ, რომ „პატარა ბარელას” ტყუპისცალი ჰყავდა, რომელმაც როგორც ჩანს მშობიარობამდე ვერ მიაღწია.
„ამ ხნის განმავლობაში უმცროსმა დაგვტოვა… ჩვენთვის, ვინც ეს დიდი ტკივილი რამდენიმე თვის წინ განვიცადეთ, მომხდარი ჭრილობის გახსნას ჰგავდა. ჩვენ გავიარეთ ძნელი თვეები, უფრო სწორად ძნელი წელიწადი, მაგრამ მამაშენთან ერთად ყველაფერი შედარებით იოლად გადავიტანეთ”, — წერს ბარელას მეუღლე. იტალიური საიტებიდან ამ ტექსტს ზოგი უკომეტაროდ ტოვებს, ზოგი კი ვარაუდობს, რომ აქ უნდა იგულისხმებოდეს ფეხმძიმობის პერიოდში ტყუპებიდან ერთ-ერთის სიკვდილი.
ბარელა თავადაც სარდინიელია. ის და ფედერიკა 2018 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი ქალიშვილი ჰყავთ: რებეკა, ლავინია და მატილდე. ფოტოზე, რომელიც ფედერიკა სკიევენინმა ინსტაგრამზე დაპოსტა, გოგონები „ინტერის” მაისურებში არიან გამოწყობილები და ხელში უმცროსი ძამიკოსთვის გამზადებული ასეთივე ფორმა უჭირავთ.
ნიკოლო ბარელას სეზონი შარშანდელთან შედარებით მძიმედ დაიწყო, მაგრამ ბოლო ტურში „ნაპოლის” გოლი გაუტანა. ეს იყო მისი პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატში. რადმენიმე დღის წინ ჩატარებულ დაჯილდოების ცერემონიალზე „ინტერის” ნახევარმცველი წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.