Victor Osimhen of Napoli SSC looks on during the Serie A TIM match between Bologna FC and SSC Napoli at Stadio Renato Dall'Ara on September 24, 2023...„უნიონ ბერლინთან” ფრემ რუდი გარსიას მოხსნის საკითხი კვლავ წინ წამოწია. „ნაპოლის” დაცვის დასუსტებას, კომპაქტურობის დაკარგვას, გაუარესებულ ფიზიკურ მომზადებას და სხვა პრობლემებს ხალხის უმრავლესობა ფრანგს აბრალებს. სიმბოლურია, რომ აგერ უკვე რამდენიმე კვირაა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვარჯიშებს ესწრება, ტექნიკურ-ტაქტიკურ საკითხებში ერევა და ცდილობს „ალ ნასრის” ყოფილი თავკაცი გააკონტროლოს. არადა კასტელ ვოლტურნოს „კონამი ცენტრში” გამოუსვლელად ჯდომა და გუნდის მზადებაზე ფიქრი წესით მისი საქმე არ უნდა იყოს.

დე ლაურენტისის აქტიურობამ ჯერჯერობით სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ერთი მხრივ ჯარიმების შიშით ფეხბურთელებმა შეცვლის გამო მწვრთნელზე გაბრაზებას მოუკლეს, მაგრამ მეორე მხრივ გუნდმა ვერ დაიბრუნა ის სტაბილურობა, რომლითაც ნახევარი წლის წინ დაიკვეხნიდა. განსაკუთრებით გასაკვირი ის არის, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში შინ ჩატარებული 7 შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგეს. ასეთი ცუდი შედეგი „პარტენოპეელებს” 2010-11 წლების შემდეგ არ ჰქონიათ. მაშინ გუნდს ვალტერ მაძარი წვრთნიდა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ ხალხის უმეტესობა „აძურის” პრობლემებს გარსიას აბრალებს, თუმცა ზოგი ყველაფრის ხელაღებით ფრანგისთვის დაბრალებას ერიდება. მათ შორის არის „ნაპოლის” ყოფილი მეკარე 50 წლის ჯენარო ლეცო, რომელმაც „სან პაოლოზე” („სტადიო მარადონას” ისტორიული სახელი), 2005-2011 წლები გაატარა.

„რასაკვირველია, გარსიამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ თითის მხოლოდ მისკენ გაშვერა არ შეიძლება. ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით „აძური” არ მომწონს; ანგისა მოედანზე დასეირნობს; კვარაცხელია მაშინ, როდესაც პასია საჭირო ინდივიდუალურ გაგრძელებებს ეძებს. ზემოთ რამდენიმე გვარი დავასახელე, თუმცა ამ სიის გაგრძელებაც შემეძლო”, — თქვა ლეცომ და შემდეგ ოსიმენზე გადაერთო:

„იმ პრობლემებს, რომლებიც „ნაპოლის” დაუგროვდა, წინა სეზონის ხალისიანი ოსიმენი გადაწყვეტდა, მაგრამ ტრავმის წინა პერიოდის მოღუშული კაცი ვერა. გუნდმა ფიზიკურ მომზადებას მოუმატოს და მენტალური პრობლემები მოაგვაროს. ფეხბურთელებს სწორი ამბიციები უნდა ჰქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდ დასასრულს მივიღებთ. გუნდი ერთსულოვანი უნდა იყოს და ესეც გარსიას მოსაგვარებელია.

რაც შეეხება სკუდეტოს, ჯერ კიდევ არის დრო. გუნდი დროულად უნდა მოეგოს გონს”.