ნეიმარს რთული წუთების გადატანა მოუხდა: სამშაბათს, სან პაულუს შემოგარენში მშობლების სახლიდან მის პარტნიორ ბრუნა ბიანკარდისა და ახალშობილ ქალიშვილს მავის გატაცება დაუპირეს. ინციდენტის ოპერატიულად გამოეხმაურა კოტიას რაიონის პოლიცია და ერთი დამნაშავე ადგილზე დააკავა. როგორც მუნიციპალური გვარდია იტყობინება, ბოროტმოქმედებმა სახლში სწორედ დაკავებულის დახმარებით შეაღწიეს. მათ ბრუნას მშობლები გაკოჭეს, ნივთები წაიღეს და თან გატაცების მიზნით დედა-შვილს ეძებდნენ. საბედნიეროდ, ბიანკარდი და მავი შინ არ იყვნენ.
იმის შესახებ, რომ სახლში რაღაც საეჭვო ხდებოდა, პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს. სამართალდამცველებმა რეაგირება არ დააყოვნეს, საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს და ზემოთ ხსენებული ერთი ადამიანი დააკავეს. ნეიმარს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მყესების ოპერაცია გაიკეთა, კომენტარი არ გაუკეთებია.
საოციალურ ქსელში პოსტი დადო ბრუნა ბიანკარდიმ. „მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი რიგზეა. გატაცებული ნივთებიც ბრუნდება”, — დაწერა მან და ნეიმარმა ეს პოსტი გააზიარა.