
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაა: „უნიონ ბერლინი” „ნაპოლის” მასპინძლობს. გერმანული გუნდის მწვრთნელმა ურს ფიშერმა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა:
„ბოლო დამარცხების შემდეგ ახალი შანსი გვეძლევა. მეტოქე ძლიერია, ის იტალიის ჩემპიონია. მასთან თამაშის წინ საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება. ცუდია, რომ ამაში ბოლო შედეგებმა არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ ოპტიმიზმი არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთი ყველაფერთან ერთად გართობაა. ჩვენ „ნაპოლის” სწორი განწყობით შევხვდებით და ქულების მოპოვებას შევეცდებით. გვყავს დაშავებულები. დღეს ნამდვილად ვერ ითამაშებენ ჟერომ რუსილონი და იოსიპ იურანოვიჩი.
„ნაპოლის” კრიზისზე ვერაფერს გეტყვით. მე მათ თამაშს ბოლოხანს დავაკვირდი. ისინი მეოთხე ადგილზე არიან, ლიდერს მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩებიან, ასე რომ კრიზისი არსად ჩანს. მართალია, მათ შეტევაში ოსიმენი აკლიათ და შესაძლოა ერთი ცენტრალური მცველიც არ ჰყავდეთ, მაგრამ ველი, რომ ეს გუნდი ტრადიციულად ყველა სექტორში სახიფათო იქნება. ისინი პრესინგს კარგად თამაშობენ, ხოლო ფლანგებზე კვარაცხელია და პოლიტანო ერთი-ერთზე ძლიერები ჰყავთ. გარდა ამისა, მე გამოვყოფდი ლობოტკას, რომელიც ამ გუნდის მეტრონომია”.