ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები 5 თამაშიდან 4 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა, ესპანეთმა შოტლანდიას შინ 2:0, ხოლო ნორვეგიამ კვიპროსს სტუმრად 4:0 მოუგო. ამ შედეგების გათვალისწინებით, „ლა როხა” გერმანიის საგზურამდე ერთ ნაბიჯშია. საამისოდ, ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებს კვირას ნორვეგიის დამარცხება სჭირდებათ.

ოსლოში გამარჯვების შემთხვევაში ესპანელები ჩრდილოელებს ხუთი ქულით ჩამოიტოვებენ. ამის შემდეგ სტალე სოლბაკენის გუნდს ერთადერთი თამაშიღა ექნება დარჩენილი — შოტლანდიაში. ესპანელებს კი დარჩებათ ორი შეხვედრა: კვიპროსზე და შინ საქართველოსთან.

AS წერს, რომ დე ლა ფუენტეს გუნდს ნორვეგიასთან დამარცხების შემთხვევაშიც შეუძლია მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. კერძოდ, თუ ნორვეგია ჯერ მათ მოუგებს, ხოლო შემდეგ შოტლანდიას, ის მაინც სხვაზე იქნება დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში ერლინგ ჰოლანდსა და მის რაზმს ექნებათ 16 ქულა, ხოლო ესპანეთს კვიპროსისა და საქართველოს დამარცხების შემთხვევაში გაუხდება 18. თუ საქართველოში მოიგებს, ამდენივე ექნება შოტლანდიას. ასეთ შემთხვევაში ესპანეთი ბურთების უკეთესი სხვაობით პირველზე გავა.

ამ არითმეტიკაში გასაკვირი არაფერია, უბრალოდ საწყენია, რომ ესპანელი ჟურნალისტები საქართველოსთან გამარჯვებას როგორც თავისი გუნდისთვის, ასევე შოტლანდიისთვის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევენ. მსჯელობისას წინადადებაში „თუ”-ს კი ამატებენ, მაგრამ კონტექსტიდან აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრები ხელწამოსაკრავ გუნდად მიაჩნიათ.

შემდეგ, AS განმარტავს, თუ რით არის მნიშვნელოვანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. ევროპის ჩემპიონატს სულ ათი შესარჩევი ჯგუფი აქვს, რომელთაც ცხადია ათი გამარჯვებული ეყოლება; მათგან ხუთი საუკეთესო ფინალური ეტაპის წილისყრის დროს განთესილი იქნება. ამ ეტაპზე თავიანთ ჯგუფებში პირველობა გარანტირებული აქვთ პორტუგალიას და საფრანგეთს. წესით ისინი სწორედ განთესილთა შორის უნდა მოხვდნენ. ამრიგად, „ლა როხას”, რომელმაც საქართველოს 7:1 მოუგო, ხოლო კვიპროსს 6:0, შეუძლია ამ კამპანიას შეუერთდეს და ფინალური ეტაპზე გაიმარტივოს საქმე.