დიახ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასი გამაჯვების გარეშე დაასრულა. ბორჯღალოსნები და მათთან ერთად მთელი საქართველო ვიმედოვნებდით, რომ ბოლო მატჩში შარშან ძლეულ უელსთან კარს გავიჯახუნებდით.

თუმცა, კარის გაჯახუნება არ შედგა და უმთავრესად – დერეფანში წარმოუდგენლად ცუდი თამაშის გამო. ეს, ტრადიციულად ძლიერი ჩვენი გუნდისთვის ელემენტი მიმდინარე მსოფლიო  თასზე არაფრად ვარგოდა და კოზირიდან სუსტ წერტილად იქცა. სხვის დერეფნებს ვინ ჩივის და საკუთარ მოწოდებათაგან უმრავლესობას რომ წააგებ, კარგი დღე არ დაგადგება.

ამდენად, შედეგი ლოგიკურია – 6 გაშვებული ლელო 3 გატანილის წილ და მარცხი 24-ქულიანი სხვაობით – 19:43.

კიდევ ერთი უცნაური რამ – ამდენი ტრავმა ქართველებს არასდროს მიუღიათ. ესეც სავარაუდოდ მოსამზადებელ პერიოდში დაშვებული შეცდომის ბრალია. ამ ტრავმების გამო მთელი სტრატეგია რომ აგერევა, ეს სულაც არაა გასაკვირი. 15 ნომერზე, მძიმედ ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად ვეტერანი ლაშა ხმალაძე გამოჩნდა, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა კარგა ნახევარი წელი არ ჰქონდა, ამიტომ თავიდან „ქოქოსა“ საგრძნობლად ამოვარდნილი იყო საერთო სურათიდან და ხშირადაც ცდებოდა. სხვებიც ხშირად სცოდავდნენ, ხოლო უელსელები ამ შეცდომებს ოსტატურად იყენებდნენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა მათი ქულა ბორჯღალოსნების ტექნიკურ შეცდომებს მოჰყვა. თორემ, „დრაკონებს“ სულაც არ უთამაშიათ სუპერრაგბი და მათი ძლევა სავსებით რეალური იყო.

ლელოების აღწერას რა აზრი აქვს, ალბათ ყველა იხილავდა საკუთარი თვალით, მაგრამ დავით ნინიაშვილის გაბრწყინება ნახვად ღირდა. მარცხენა ფრთაზე მისი ინდივიდუალური გარღვევა მატჩის მშვენებად იქცა. ეს იყო საქართველოს ნაკრების მესამე ლელო, მანამდე კი თავი პირველი ტაიმის ბოლოს კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და ნინიაშვილის ლელომდე სამიოდე წუთით ადრე ვანო კარკაძემ გამოიჩინეს. ორივე ხსენებული ლელო ხარისხიანი იყო, მაგრამ „ნინის“ შედევრთან შედარებას ვერ გაუძლებს. სხვათა შორის, ნინიაშვილთან ერთად ვინმეს გამოყოფა თუ შეიძლება, ეს სწორედ შარიქაძე-კარკაძე არიან, მათ გარდა კი შერკინების მესამე ხაზი სრული შემადგენლობით.

დასასრულს იმასღა დავძენთ, რომ 2003 წლის, სადებიუტო მსოფლიო თასის შემდეგ 2023 წლის ტურნირი პირველია, როცა საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩიდან ვერეცრთი მოიგო. სამეულში, ცხადია, ვერ მოვხვდით და 2027 წლის მსოფლიო თასი საგზურის მოპოვება კვლავაც მოგვიწევს.

დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ.