ტყუილია თითქოს რუდი გარსიამ ვიქტორ ოსიმენი „ბრძენთა საბჭოში” არ შეიყვანა. ფრანგმა მწვრთნელმა თქვა, რომ ისევე როგორც ყოფილ გუნდებში „ნაპოლიშიც” შექმნა გამორჩეულ ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელთაც ჭკუას დაეკითხება. ეს იქნება მოთამაშეთა გაერთიანება, რომელიც მთელი გუნდის აზრს გამოხატავს და ჩამოაყალიბებს. მასში შევლენ ის ავტორიტეტული და დაღვინებული ფეხბურთელები, რომლებთანაც საჭიროების შემთხვევაში საუბარი შედგება.
დღეს „კორიერე დელო სპორტმა” დაწერა, რომ „ნაპოლის” „ბრძენთა საბჭოში” შედიან ვეტერანები: პიოტრ ჟელინსკი, ალექს მერეტი და მარიო რუი; ძლიერი პიროვნებები: ამირ რაჰმანი, ჟუან ჟესუსი; ლიდერები: კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და მწვრთნელთან დაახლოებული ავტორიტეტული ფიგურა ანდრე-მარკ ზამბო ანგისა.
მოგვიანებით „რადიო მარტეს” წამყვანმა პეპე ლანიჩელიმ თავის მსმენელებს უთხრა: „გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად უნდა ვთქვათ, რომ ვიქტორ ოსიმენიც „ბრძენთა საბჭოშია”. ამის შესახებ ჩვენ კლუბის შიგნიდან მივიღეთ სანდო ინფორმაცია. მავანმა დაწერა, რომ გარსიამ ვიქტორი და კვარა ჯგუფში არ შეიყვანა, რაც ტყუილია. ოსიმენი იქ არის”.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

