Khvicha Kvaratskhelia, Mario Rui, Jesper Lindstrøm players of Napoli, during the match of the Italian Serie A league between Napoli vs Udinese final...იტალიურ პრესას უძლიერდება რწმენა, რომ „ნაპოლი” ფრანგი მწვრთნელის რუდი გარსიას გარშემო ერთიანდება. იტალიელები წერენ, ფეხბურთელებს მისი „ჩაძირვა” რომ სდომებოდათ, „უდინეზესთან” თამაშზე უკეთესს ვერ ინატრებდნენო. გუნდმა კი პირიქით, ძალა მოიკრიბა და საუცხოოდ ითამაშა. ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” ამბობს:

„ნეაპოლელები „უდინეზესთან” შეხვედრაში ბურთს სრულად აკონტროლებდნენ. ანგისა რეგულარულად ჩადიოდა ცენტრალური მცველების ხაზამდე. ის ამას ლობოტკაზე სტაბილურად აკეთებდა. თვალშისაცემი იყო გუნდის ორგანიზებული მოქმედება დაკარგული ბურთის დასაბრუნებლად, რაც გარსიასეული 4-3-3-ის სასიკვდილო იარაღი გამოდგა. და რასაკვირველია, ყველაფერი გაცილებით იოლია, როდესაც დიდი ფეხბურთელები დაფრინავენ; როდესაც კვარა იმ თავის შუშხუნა ფორმაშია. მოდი, მკაფიოდ ვთქვათ: სპალეტის ობლები არ არსებობენ. შეხვედრის მსვლელობისას ერთი წამიც არ ყოფილა, გუნდი მოედანზე რომ გაწელილიყო ან ორად გახლეჩილიყო. ეს ყველაფერი კი მიგვითითებს, რომ გარსიამ გუნდის ამგვარ მუტაციას მიაგნო და შიგ თავისი ხასიათიც ჩააქსოვა. ეს საბოლოო უნდა იყოს”.