აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.23 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას შეერკინება. ეს შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ტულუზის იგივე სახელის სტადიონზე – „სტად დე ტულუზზე“ გაიმართება.

ეს იქნება ბორჯღალოსნების მეორე მატჩი საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე. მოგეხსენებათ, პირველ ტურში ქართველები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიის ნაკრები უქმობდა.

მეორე ტურში კი მომავალმა მეტოქეებმა როლები გაცვალეს და უქმობამ უკვე ბორჯღალოსნებს მოუწიათ, ხოლო პორტუგალიელები უელსს შეხვდნენ და 8:28 წააგეს.

ჰოდა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველო და პორტუგალია 0 ქულით C ჯგუფის მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ. ჯგუფის ლიდერი კი უელსის ნაკრებია, რომელსაც 10 ქულა აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ უელსელებს არნახულად გაუმართლათ როგორც სტარტზე ფიჯისთან, ისე პორტუგალიელებთან ხსენებულ მატჩში. „მფრინავი ფიჯელები“ ბოლო წამებზე 26:32 მარცხდებოდნენ და ისე მძლავრად უტევდნენ, უელსს კი არა, აფრიკას და საფრანგეთს რომ წალეკავდნენ. ჰოდა, გადამწყვეტ მომენტში კუნძულელთა მთავარმა ვარსკვლავმა სემი რადრადრამ, ფლანგზე ეულად დარჩენილმა, მისკენ გადმოგდებული ბურთი ვერ დაიმორჩილა და სენსაცია არ შედგა. მართალია, ფიჯი უელსზე უფრო მაღალი რეიტინგისა იყო, მაგრამ ფავორიტად მაინც ბრიტანული გუნდი მიიჩნეოდა.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.პორტუგალიამ კი უამრავი შანსი ვერ გამოიყენა და პასუხად 4 ლელო მიიღო. ასე დააგროვა უელსმა ორ მატჩში 5-5 ქულა.

აი, ერთი კვირის წინ კი ფიჯიმ მაინც დაამტკიცა, რომ ინგლისთან ტესტ-მატჩის მოგება შემთხვევითობა არ ყოფილა. ამ პატარა კუნძულოვანი სახელწიფოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო გიგანტთაგანი, ავსტრალიის ნაკრები 22:15 დაამარცხა, თან „ვოლაბებმა“ სანუგეშო ბონუსის მიღება თამაშის ბოლოსღა მოახერხეს.

ჰოდა, ჯგუფის მეორე ადგილზე სწორედ ფიჯი დგას, რომელსაც 6 ქულა აქვს. ავსტრალიასაც 6 დაუგროვდა, თუმცა ფიჯი მას ურთიერთშეხვედრით უგებს.

მოკლედ, თუკი ლევან მაისაშვილის გუნდს ამ მარაქაში გარევა სურს, პორტუგალიას 4 ლელოს გატანის ფონზე უნდა მოუგოს.

პორტუგალიელი „მგლები“ ბორჯღალოსნების ძველი ნაცნობები არიან. ამ გუნდთა ურთიერთობა 1997 წელს დაიწყო და მას შემდეგ მხარეები 25-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 18-ჯერ ქართველებმა იმარჯვეს, 4-ჯერ – პორტუგალიელებმა, კიდევ 3 თამაში კი ფრედ დასრულდა. მათ შორის ბოლო –  2022 წლის 6 თებერვალს. ის თბილისური შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ ბორჯღალოსანთა ბანაკში კოვიდით დავირუსებული 23 კაციც ვერ შეიკრიბა და სასწრაფო წესით ახალი მოთამაშეების დამატება გახდა საჭირო. შეუთამაშებელმა გუნდმა დიდი გაჭირვებით მიაღწია საყაიმო ანგარიშს – 15:15. თუმცა, მას შემდეგ ბორჯღალოსნები და „მგლები“ ერთმანეთს კიდევ 2-ჯერ შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში ქართველებმა მოიგეს: ქუთაისში – 23:14, ხოლო ბადახოსში – 38:11 ექვსი ლელოს გატანის ხარჯზე. სწორედ ასეთი მოგება გვჭირდება შაბათსაც.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.რაც შეეხება სამატჩო რაზმს, მასში სოლიდური სიახლეებია – მიშა ნარიაშვილი, ბექა საღინაძე, ლადო ჩაჩანიძე და სანდრო თოდუა ტურნირზე პირველად ითამაშებენ, თან სასტარტო შემადგენლობაში.

კიდევ ისაა, რომ მერაბ შარიქაძე 50-ეთ უკაპიტნებს ეროვნულ გუნდს, ხოლო გელა აფრასიძე, ნოდარ ჭეიშვილი და გიორგი კვესელაძე 50-ე კეპს მოიხვეჭენ. სასიამოვნო რიცხვებია, მთავარი კი ისაა, რომ საზეიმო განწყობა მატჩის მერე გვქონდეს. წარმატებები ბრჯალოსნებს!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში:

  1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, 73 მატჩი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 101, 70), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი,37, 20), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი,13, 5), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი,85, 15), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი,25, 25), 7. ბექა საღინაძე (ლიონი,36, 15), 8. ბექა გორგაძე (პო,41, 55), 9. გელა აფრასიძე (ბაიონი,49, 35), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი,44, 335), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 108, 90), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 97, 85), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 49, 25), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 32, 145), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი,24, 48).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 5, 0), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 40, 10), 18. გურამ პაპიძე (პო,13, 10), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 49, 5), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 32, 30), 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი,79, 78), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 11, 74), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 29, 10).