იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მეკარემ დინო ძოფმა, რომელიც 1998-2000 წლებში „სკუადრა აძურას” წვრთნიდა, AreaNapoli.it-თან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე ილაპარაკა.
„დღეს სკუდეტოს მოსაგებად ყველაზე კარგად მომზადებული სიმონე ინძაგის „ინტერი” მგონია, მაგრამ არც მისი კონკურენტების ჩამოწერა შეიძლება.
„იუვენტუსი” წლეულს ევროშეჯიბრებაში არ მონაწილეობს, მაგრამ არ მგონია რომ ეს მას უპირატესობას აძლევდეს. რასაკვირველია, სეზონის მსვლელობისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რომელიმე კონკურენტს საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები არ ჰყავს და ყველა ფრონტზე ბრძოლას ვერ უძლებს, მაგრამ მეორე მხრივ „იუვეს” სწორედ იმის გამო, რომ მხოლოდ სერია A-ში გამოდის, აქვს ვალდებულება, რომ გაიმარჯვოს, რაც დიდი წნეხია”.
„ნაპოლიმ” იმედი გაგიცრუათ?
კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ რუდი გასიას მაინც ძლიერი გუნდი ჰყავს. ის, რაც „ნაპოლიმ” გასულ სეზონში გააკეთა განუმეორებელია, მაგრამ ვფიქრობ, ნეაპოლელებს ამ ჩემპიონატშიც შეუძლიათ კარგად გამოსვლა.
ბოლო პრეს-კონფერენციაზე გარსიამ თქვა, რომ გენუაში თამაშის დროს „ნაპოლის” მოთამაშეებს ფიქრი ჩემპიონთა ლიგისკენ გაურბოდათ.
არ მგონია მართალი. გასულ სეზონში ეს გუნდი სერია A-შიც მშვენივრად გამოდიოდა და ჩემპიონთა ლიგაშიც. ორივეგან დიდ მიზნებს უტევდა. ისე ფიქრი, როგორც გარსიას უთქვამს, მხოლოდ მენტალურად სუსტ ფეხბურთელებს ახასიათებთ, ნეაპოლელები კი ჩემი აზრით ასეთები არ არიან.
მოგწონთ თუ არა სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელად?
კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ის გამოცდილია, ახლახან უდიდესი უპირატესობით გახდა ჩემპიონი. ჩრდილო მაკედონიასთან ფრის გამო არ მინერვიულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩრდილო მაკედონია ის გუნდია, რომელსაც იტალიის წინააღმდეგ კარგად თამაში შეუძლია.
იმსახურებს ჯანლუიჯი დონარუმა ნაკრების პირველ მეკარეობას?
მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ მან ევროპის ჩემპიონის ტიტული მოგვაგებინა. დონარუმა დიდებული მეკარეა, მაგრამ გულიელმო ვიკარიო და ალექს მერეტიც ძალიან ნიჭიერები არიან.