
„თელავმა“ „კავკასიონ არენაზე“ სენსაცია შემოგვთავაზა, ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა (2:1), 24 ქულა მოაგროვა და 5 პუნქტით დაშორდა ფლეი აუტის ზონას. „ბათუმმა“ სულაც პირველად წააგო გასვლითი შეხვედრა მომდინარე სეზონში. ასევე ახალ გუნდთან ერთად პირველად დამარცხდა ზღვისპირელთა მწვრთნელი, ანდრი დემჩენკო.
თამაში კარგი საცქერი გამოდგა. ეგ არის, უკვე დამატებულ წუთებზე ბათუმელთა შემტევ ჯოვინო ფლამარიონს მეტოქის საჯარიმოში კარიდან გამოსული თელაველთა მეკარე დავიდ იურჩენკოს მუხლი მოხვდა კეფაში და ერთ ხანს გონება დაკარგა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯოვინო საიმედო განწყობაზეა და საავდმყოფოდან პოსტიც კი გამოაქვექყნა სოციალურ ქსელში, სადაც წერს: „Hey i’m okay. don’t worry.“ (კარგად ვარ, არ ინერვიულოთო).
ჯოვინოს ინციდენტმა ტურის მთავარი ამბავი – „ქართული კლასიკო“ გადაფარა. „დინამომ“ და „ტორპედომ“ ამჯერად ფრედ ითამაშეს (1:1). ამისდაკვალად, დედაქალაქელებმა ლიდერ ზღვისპირელებთან ქულათა სხვაობა ოთხამდე შეამცირეს.
ბათუმელებს უახლოეს ხანში ორი ურთულესი მატჩი ელით, 20 სექტემბერს 21-ე ტურის გადაებული შეხვედრა გორში „დილასთან.“ შემდეგ კი 24 სექტემბერს მთავარ მეტოქე „დინამოსთან.“
ბოლო დროს ყოჩაღობს „სამტრედია.“ ამჯერად დიმიტარ კაპინკოვსკის შეგირდებმა უშუალო კონკურენტი „შუქურა“ დაამარცხეს (4:2). ეს იმერლების მიჯრით მეოთხე წაუგებელი მატჩია (2 მოგება, 2 ფრე). ქობულეთელებმა კი ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგეს.
თელავი 2:1 ბათუმი
1:0 დეზირე (49), 1:1 ღუდუშაური (57), 2:1 პროტასოვი (90)
გაგრა 0:0 დილა
დინამო 1:1 ტორპედო
1:0 კამარა (41), 1:1 ბუღრიძე (53)
სამტრედია 4:2 შუქურა
1:0 უბილავა (4), 1:1 მუჯირი (6), 2:1 მიშოვი (47), 2:2 გოგოლაშვილი (63), 3:2 ნაჭყებია (80), 4:2 ინჯგია (90+5)
სამგურალი 1:0 საბურთალო
1:0 გომეზი (36)
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბათუმი | 36 | 21 | 11 | 4 | 83:41 | 73 |
| დინამო | 36 | 21 | 8 | 7 | 93:49 | 68 |
| ტორპედო | 36 | 16 | 12 | 8 | 55:37 | 59 |
| დილა | 36 | 17 | 9 | 10 | 56:39 | 57 |
| სამგურალი | 36 | 16 | 9 | 11 | 53:51 | 54 |
| საბურთალო | 36 | 14 | 9 | 13 | 58:49 | 51 |
| გაგრა | 36 | 10 | 8 | 18 | 47:65 | 35 |
| თელავი | 36 | 10 | 7 | 19 | 34:62 | 37 |
| სამტრედია | 36 | 9 | 6 | 21 | 50:62 | 33 |
| შუქურა | 36 | 4 | 5 | 27 | 38:112 | 11 |
შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ულად ომარ იმრანი (დინამო) – 13, შეიკნე სილა (საბურთალო) – 11, ტიერი გეილი (დილა/ რაპიდი ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 10





