საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო თასის გათამაშება წარუმატებლად დაიწყო – ვერც სატურნირო ქულას შეწვდა და მეტოქესაც მაქსიმუმი გაატანა. ავსტრალიის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს სამართლიანად მოუგო, 4 ლელო გაიტანა, ბონუს-ქულაც მიიღო და 5 ქულით C ჯგუფში გალიდერდა. 35:15 – ასეთია მატჩის შედეგი და ფაქტია, ქართული გუნდის მწვრთნელებს მომდევნო ორი კვირა სწორედაც რომ იმისთვის აქვთ, რათა დასკვნები როგორც საკუთარი შეცდომებიდან გამოიტანონ, ისე შეგირდთა თამაში გააანალიზონ.
ისე, ზოგადად, თამაშის დებიუტში მიღებული დადებითი მუხტი გუნდზე სასიკეთოთ აისახება ხოლმე, ნეგატიური დასაწყისი კი, პირიქით, გეგმების ამრევი ხდება.
ჰოდა, სწორედ ასე მოხდა, ავსტრალიელებმა პოზიციურად შეუტიეს და ფლანგზე გამწვავებით ლელოც დაგვიდეს, რომელიც შესაძლოა არც გასულიყო, დავით ნინიაშვილს დაცვაში უფრო ხისტად და აგრესიულად რომ ეთამაშა. და საერთოდაც, ავსტრალიელთა ეს შეტევა ნინიაშვილის მიერ ფეხით უხეირო დარტყმის მერე განვითარდა.
დათუნა ჯერაც ახალგაზრდა, 21 წლის ბიჭია და მსოფლიო თასზე ეს მისი დებიუტი იყო, რომელიც, პირდაპირ ვთქვათ, ჩაუვარდა. ავსტრალიელთა 4 ლელოდან 2 მის შეცდომებს მოჰყვა და ეს დიდი გაკვეთილი იქნება უთუოდ უნიჭიერესი უკანახაზელისთვის. მეორედ მისი შეცდომა გულდასაწყვეტი იყო – დათუნამ ბურთი საკუთარ 22-ში მიიღო, დაიძრა, სიჩქარე აკრიფა, „ვოლაბების“ დაცვა ააწიოკა, ბოჭვაში მოყვა და ბურთი მდევარ მეტოქეს ამოუგდო, უფრო სწორად, არც გაუხედავს, თუ ვის აწვდიდა ბურთს. ჰოდა, ავსტრალიელი ასეთ საჩუქარს გამოიყენებდა, აბა რას იზამდა…
პირველ ტაიმში შერკინებამ სტატიკაში ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქეს, რაც მწვრთნელების არჩევანის მცდარობას უნდა მივაწეროთ, რადგან მეორე ტაიმში შემოსულმა ბურჯებმა ქართული შერკინების რენომეც დაიცვეს და ბექა გიგაშვილმა სულაც ლელო გაიტანა – საფრანგეთში ხშირად რომ გააქვს, ზუსტად ისეთი. რაქიდან აიტაცა და გადადო. პირველი ლელო კი ასევე ფორვარდმა, ახალგაზრდა ლუკა ივანიშვილმა მარცხენა ფრთაზე სწრაფი შეტევის დაგვირგვინებისას მიითვალა. ლუკა მატკავამ მხოლოდ გიგაშვილის ლელო გარდასახა, ივანიშვილისა ურთულესი პოზიციიდან იყო და მცირედით აცდა.
პირველ ტაიმში არაფერი გამოსდიოდათ ზოგადად შესანიშნავ ფორმაში მყოფ ქართველებს, ცუდ დღეში მყოფ ავსტრალიელებს კი პირიქით, ყვევლაფერი საუკეთესოდ აეწყოთ. მოკლედ, ტაიმი ჩავარდა – ლუკა მატკავას კინკილა ჯარიმა ამის ნიშანია. 3:21-დან თამაშის გადარჩენა შესაძლებელი კი არის, მაგრამ აქ ცოტათი უნდა გაგიმართლოს კიდეც. მით უმეტეს, როცა ამ მეორე ტაიმის საწყის 10 წუთს კაცნაკლული ატარებ. მეორე ტაიმზე აუგის სათქმელად ენა ვერავის მოუბრუნდება. ნინიაშვილის ის, მეორე შეცდომა რომ არა, ამ ტაიმს მოვიგებდით კიდეც, მაგრამ არა უშავს, ავსტრალია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და მართალია, 20-ქულინი მარცხი საწყენია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ლოგიკურია.
ისიც უნდა ითქვას, რომ ასე უდისციპლინოდ საქართველოს ნაკრებს კარგა ხანია არ უთამაშია. ეს ელემენტი რომ გამოსწორდეს და ალალ-ბედზე ინდივიდუალური თამაშიც რომ აღმოიფხვრას, ავსტრალიის დონის გუნდის დამარცხება ბორჯღალოსნებს უნდა შეეძლოთ.
ორ კვირაში, 23 სექტემბერს პორტუგალია გველის. იმედია შეცდომებს ყველა გამოასწორებს – მწვრთნელებიც და მორაგბეებიც.