„ნაპოლიმ” ზაფხულის ბოლო ამხანაგური შეხვედრაც მოიგო — კვიპროსის „აპოლონთან”, 2:0. გოლები მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ გაიტანეს. მატჩის შემდეგ მეორე გოლის ავტორმა, სოციალურად აქტიურმა სიმეონემ ინსტაგრამზე დაწერა: „პრე-სეზონი დასრულდა, ჩვენ მზად ვართ!!! მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში დაგვეხმარა! Forza Napoli Sempre”.
მოედანს დაუბრუნდა „ჟირონასთან” დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია, მაგრამ კომბინაციებში აქტიურად მონაწილეობდა და „პარტენოპეელთა” რიგებში შესამჩნევი ფიგურა იყო.
მატჩის შემდეგ გარსიამ თქვა: „მინდა ოსიმენი ჩვენთან თავს კარგად გრძნობდეს. დღეს მან გოლი გაიტანა. ეს სწორედ ის იყო, რის გაკეთებაც ვთხოვეთ. ის ჩვენი წამყვანი ძალაა. როგორც კი მისი საკითხი მოგვარდება, მხოლოდ მოედანზე იფიქრებს და ეს უკეთესი იქნება…
…პიოტრ ჟელინსკის „ნაპოლისთან” კონტრაქტი აკავშირებს. ახლა მე მარტო „ფროზინონესთან” თამაში მაინტერესებს. იმედი მაქვს, რომ პირველი ტურის შეხვედრას მზად შევხვდებით…
…დღეს პირველ ტაიმში ნელა ვითამაშეთ, შესვენების შემდეგ კი გუნდმა ტემპი და ინტენსივობა გამოასწორა. გამოსწორდა თამაშის ხარისხიც…
…ჩვენს ახალწვეულს, იენს კაიუსტეს ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის ტექნიკურია და ფიზიკურად ძლიერი. მეც სწორედ ამ თვისებების ფეხბურთელს ვეძებდი. ვფიქრობ, კაიუსტე ჩვენნაირ გუნდს კარგად შეეწყობა. მიხარია, რომ შემოგვემატა…
…დებიუტი ყოველთვის ძნელია. არც „ფროზინონესთან” თამაში იქნება იოლი, თუმცა დღეს გუნდისგან მონდომება დავინახე. მოსამზადებელ პერიოდში მცირე ექსპერიმენტებს ვატარებდი და კმაყოფილი ვარ, რომ გუნდი კარგად ამყვა. „აპოლონი” მაღალი დონის გუნდია. მასთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მზად ვიყავით”.