„რომა” პორტუგალიის წარმტაცი რეგიონის ალგარვეს საწვრთნელ ბაზას ჯგუფური სურათით გამოემშვიდობა. ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ტექნიკურმა პერსონალმა ფოტო გუნდის თავკაცის ჟოზე მოურინიუს ინიციატივით გადაიღეს. საყოველთაო აზრით, ამ ფოტოთი „განსაკუთრებულს” კლუბის ხელმძღვანელობისთვის უნდოდა შეეხსენებინა, რომ თავდამსხმელი სჭირდება და მათგან მის ყიდვას დიდი ხანია ელის.

ფოტოს იდეა იმაშია, რომ მოურინიუს მარჯვნივ დატოვებულია ადგილი გუნდის წარმოსახვითი წევრისთვის, რომელსაც მცველი ჯანლუკა მანჩინი ვითომ ხელსაც კი ართმევს. იგულისხმება, რომ იქ უნდა იდგეს თავდამსხმელი, სავარაუდოდ კი 30 წლის ესპანელის ალვარო მორატა, რომლის შეძენაც მოუს დიდი ხანია უნდა.