Giorgi Chakvetadze naar Slovan Bratislava | KAA Gent Websiteსლოვაკურ ვებგვერდ Sport.aktuality.sk-სთან საუბრიასა „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ბრატისლაველებს ფეხბურთელის დამატება სურდათ, მაგრამ საბოლოოდ მოტყუებული დარჩნენ. 23 წლის ფეხბურთელი კი „უოტფორდში“ აღმოჩნდა.

ბელგიელებმა ბრატისლაველებს ჩაკვეტაძის გამოსასყიდ თანხად 4 მილიონი ევრო დაუსახელეს, რისი გადახდის შესაძლებლობაც „სლოვანს“ არ ჰქონდა. ბრიტანული გამოცემები კი წერენ, რომ „უოტდორდს“ იჯარის შემდეგ ჩაკვეტაძის შეძენა 2 მილიონ ევროდ შეეძლება.

ვლადიმირ ვაისი: “ჩაკვეტაძეზე დიდი გავლენა აქვს მის აგენტს და კიდევ ერთ ქართველ მეგობარს, რომელიც ასევე აგენტია. მას „უოტფორდში“ გადასვლა აიძულეს. ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, რადგან დავეხმარეთ და საბოლოოდ არაფერი დაგვრჩა.

„გენტი“ და ქართველის აგენტი ჩაკვეტაძით სპეკულირებენ. შეიძლება ითქვას, რომ მან ჩვენც მოგვატყუა. დავეხმარეთ, სანაცვლოდ კი ყველაფერი არ გააკეთეს, რომ გიორგი ჩვენს კლუბში დარჩენილიყო.

„ჩაკვე“ ძალიან გვაკლია. ის დაცვასა და თავდასხმას კარგად აკავშირებდა ერთმანეთთან და მართალია, გოლები არ გაჰქონდა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში გადამწყვეტ როლს ასრულებდა”.

***

ასეა თუ ისე, ჩაკვეტაძემ საბოლოოდ „უოტფორდის“ სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, მაგრამ აქამდე მისი ოფიციალურად წარდგენა არ მომხდარა. მიზეზი ფიფა-ს მიერ კლუბის ტრანსფერებზე დადებული აკრძალვაა. ამის შესახებ წერილს გამოცემა Leadership-ი აქვეყნებს. საქმე ისაა, რომ „უოტფორდს“ ნიგერიელი თავდამსხმელის, სამუელ კალუს გადასვლის საფასური მისი აღმზრდელი ნიგერიული საფეხბურთო აკადემიისთვის დღემდე არ გადაუხდია.

„2023 წლის 19 ივლისიდან ფიფა-მ „უოტფორდს“ ახალი მოთამაშეების საერთაშორისო ტრანსფერები აუკრძალა. ფიფა დაუყოვნებლივ მიმართავს „უოტფორდს“, დროულად გადაუხადოს სოლიდარობის კომპენსაცია სამუელ კალუს აღმზრდელ ნიგერიულ საფეხბურთო აკადემია „მეგამუს“. სხვაგვარად, სანქციები ადგილობრივი მოთამაშეების დარეგისტრირებაზეც გავრცელდება“, – ნათქვამია ფიფა-ს დისციპლინური კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომელიც გაგზავნილია „უოტფორდში“ და ინგლისის საფეხბურთო ლიგაში.