
ფეხბურთის მოყვარულთა დღევანდელ თაობას ძალიან გაუმართლა. ფეხბურთის ისტორიის ორი უბრწყინვალესი დიდოსტატის კარიერამ მათ თვალწინ ჩაიარა. ყოველ უქმეებზე, ხშირად კი – კვირაში ორჯერაც, ვტკბებოდით ამ ორი შემოქმედის ხელოვნებით, მათი შედევრები ჩვენს თვალწინ იქმნებოდა. ძველი თაობის საფეხბურთო ესთეტებს ამის ფუფუნება არ გვქონდა. მაშინ, საბჭოთა კავშირში, არათუ სხვა ქვეყნების შიდა კალენდრის მატჩებს, ჩემპიონთა თასის ფინალებსაც კი არ გადმოსცემდნენ ტელევიზიით. პელეს, კრუიფის, ბეკენბაუერის თამაშებს კანტიკუნტად თუ ვნახულობდით. სამაგიეროდ ჩვენ სხვა ბენდიერება გვქონდა. ჩვენ, საკუთარი, ღვიძლი ვირტუოზები გვყავდნენ, ჩვენ ჩვენი ულამაზესი „დინამო“ გვყავდა…
მესი თუ რონალდუ, რონალდუ თუ მესი? ეს შეკითხვა არ გახლავთ, ეს – ამ ეპოქის თემაა. ჩემი ღრმა რწმენით, ამოუწურავი თემაა, რომელიც მათი ფეხბურთიდან საერთოდ წასვლის მერეც არ დაკარგავს სიცხარეს. მე, ყოველთვის რონალდუს ვანიჭებდი იმ მცირე, სუბიექტურ უპირატესობას, მაგრამ მესის სიდიადესაც მუდამ ვაღიარებდი და ხაზს ვუსვამდი. ერთი ჩემი ახლობელი კი მესის თვლიდა უდიდესად და რონალდუს პარიკმახერს უძახდა. გემახსოვრებათ, ერთი პერიოდი, ზოლივით რომ დაჰყვებოდა ვარცხნილობაში, აი იქიდან მოყოლებული აიჩემა პარიკმახერიაო.
ფეხბურთზე არასოდეს ვკამათობ და ახლობლებთანაც კი ათასში ერთხელ თუ დავუშვებ გამონაკლისს. ერთხელაც დავუშვი ეს გამონაკლისი – არა, ვოვა, ძმაო, პარიკმახერი არ არის, ფეხბურთელია. ვოვამ ისეთი სახით შემომხედა, თითქოს კოსმონავტია-მეთქი მეთქვას.
– ფეხბურთელი მესია! – მკვეთრად მომიჭრა ვოვამ და გამარჯვებულის იერით გადახედა იქ მყოფ ორ მეგობარს. მე კი კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და გონებაში გავივლე – რა ჭკვიანურს ვშვები რომ არასოდეს ვკამათობ ფეხბურთზე.
ასევეა მესი და რონალდუ, რონალდუ და მესი. თუ კაცს ფეხბურთი გიყვარს, როგორ შეიძლება რომელიმეს ოსტატობა დააკნინო, რომელიმეს სიდიადეს ჩრდილი მიაყენო?!
ფეხბურთის ისტორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი, უდიდესი ეპოქა დასრულდა. კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა! ორი ბრწყინვალე, შეუდარებელი შემოქმედის დაუვიწყარი ეპოქა!
ფეხბურთი კი გრძელდება, რა თქმა უნდა…