
დავიწყოთ ინგლისური „სანის” ინფორმაციით: შაბათს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვა. გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა ოთხშაბათს ოსლოში „ლიდსთან” უნდა გამართოს, მთავარი მეკარე კი არ ჰყავს. რა უნდა იღონოს „იუნაიტედმა”? ცნობილია, რომ ის „ინტერის” 27 წლის კამერუნელი გოლკიპერის, ანდრე ონანას შეძენით არის დაინტერესებული. ინგლისური კლუბი აცხადებს, რომ მილანელებთან თავდაპირველი მოლაპარაკებები იმედისმომცემად წარიმართა მაგრამ იმისათვის, რომ საქმე წარმატებით დაგვირგვინდეს, იტალიელებმა ონანას ფასი უნდა დააკლონ — ისინი 50 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
„სანის” ინფორმაციით „ინტერი” კამერუნელის შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს: „შახტარის” ანატოლი ტრუბინს და „ბაიერნის” იან ზომრს.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მკაცრი კაცია. მან გასული წლის ნოემბერში „ოლდ ტრეფორდის” ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ გაუშვა, ახლა კი დე ხეა მიაყოლა უკან, არადა მას ამ კლუბში სადაცაა მეთორმეტე წელიწადი უნდა დაეწყო. ესპანელმა მეკარემ გასულ სეზონში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. ეს შეცდომები იმით იყო განპირობებული, რომ ის ფეხით კარგად ვერ თამაშობს. ფეხით უხეირო თამაშის გარდა, ინგლისურ კლუბს ესპანელი მეკარის დიდი გასამრჯელო, კვირაში 375 000 გირვანქაც აწუხებდა.
„სანი” წერს, რომ ტენ ჰაგი ეძებს გოლკიპერს, რომელიც ფეხით კარგად თამაშობს, ამიტომ „იუნაიტედის” მწვრთნელმა ისევ ძველ ნაცნობებში დაიწყო ძებნა: ის და ონანა „აიაქსში” ხუთი წელიწადი იყვნენ ერთად. როდესაც ტენ ჰაგმა გუნდი დატოვა, ონანაც მიჰყვა.
აქვე, უნდა ითქვას, რომ კამერუნელი მეკარე პრემიერლიგის სხვა კლუბსაც მოსწონს. ლაპარაკია „იუნაიტედის” თანაქალაქელ, ინგლისის ჩემპიონ „მანჩესტერ სიტიზე”. „სანის” მტკიცებით „ქალაქელების” თავკაცი პეპ გვარდიოლა ონანას დიდი თაყვანისმცემელია.
ესპანური AS კი მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელშიც იმავე თემას განიხილავს და „სანისგან” განსხვავებით დაჟინებით იმეორებს, რომ „ინტერი” ონანას ერთ-ერთ შემცვლელად „ვალენსიას” ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს განიხილავს. „ღამურები” მამარდაშვილს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებენ.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

