Beto of Udinese Calcio controls the ball during the Serie A match between Empoli FC and Udinese Calcio at Stadio Carlo Castellani on March 11, 2023...სატრანსფერო სეზონზე „ნაპოლი” შემადგენლობის რევოლუციურ გარდაქმნას არ აპირებს, მაგრამ უკვე ბევრჯერ დაიწერა, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონისგან ამა თუ იმ წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდა გაგვიკვირდეს. გუნდის მშენებლობა თუ ბიზნესი? ამ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, თუმცა პრეზიდენტი რომ უპირველეს ყოვლისა ძლიერი შემადგენლობის შენარჩუნებას აპირებს, ესეც ცნობილია.

ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენისადმი სხვადასხვა კლუბების ინტერესზე. ახლა უკვე იმასაც დასძენენ, რომ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის გაყიდვის შემთხვევაში „აძური” პორტუგალიელი ბეტოს შეძენას ფიქრობს. ამ ტრანსფერის თაობაზე პირველი საუბრები უკვე გამართულა. ამის შესახებ ნეაპოლური პორტალები წერენ.

25 წლის ბეტო „უდინეზეში” თამაშობს. უდინელებს მის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს მიღება უნდათ. „ნაპოლი” კი ცდილობს ისეთი ხერხი მოიფიქროს, რომ ოსიმენის ბედის გარკვევამდე ბეტო დაიბევოს.

ბეტოს დაბევება მთლად იოლი საქმე არ არის. ბოლო ორ დღეში მისი გადაბირებით „სალერნიტანაც” დაინტერესდა. სალერნოელთა მწვრთნელი პაულო სოუზა გაძლიერებას ითხოვს და პრეზიდენტი დანილო ლერვოლინო მას თანამემამულის შეძენას დაპირდა. წერენ, რომ „ბროწეულისფერები” ბეტოს მოსახიბლად და შესაძენად ფულს არ დაიშურებენ.