No description available.შაბათს, 24 ივნისს, საღამოს 9 საათზე, სამხრეთ აფრიკის ქალაქ სტელენბოსის „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ დაიწყება მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი, რომელშიც მასპინძელი, სამხრეთაფრიკელი 20-წლამდელები უმცროს ბორჯღალოსნებს დაუპირისპირდებიან.

ეს ტურნირი 3-წლიანი პაუზის შემდეგ ტარდება. 2020-2022 წლებში მსოფლიოს სარაგბო ტალანტთა მთავარი ფორუმი კოვიდის პანდემიამ გააუქმა და შესაბამისად, 2000-2002 წლებში დაბადებულებს ეს გამოცდილება და სიამოვნება მოაკლდათ. ამდენად, მთელი სარაგბო თემი დიდი სიხარულით ხვდება მსოფლიოს U20 ჩემპიონატს.

No description available.ზოგადად ეს იქნება მე-13 ჩემპიონატი და საქართველოს ნაკრები აგერ უკვე ბოლო ხუთი მათგანის მონაწილეა. 2016 წლიდან უმცროსი ბორჯღალოსნები 12-გუნდა ელიტაში თამაშობენ და ამ დონეზე უკვე დაიმკვიდრეს სერიოზული ძალის რენომე. მათ ანგარიშზე არაერთი ხმაურიანი გამარჯვებაა, მათ შორის ირლანდიელებთან, არგენტინელებთან, იტალიელებსა და შოტლანდიელებთან.

წლევანდელ ტურნირზე ჩვენს ბიჭებს მეტოქეებად მასპინძელი სამხრეთაფრიკელების გარდა არგენტინელი და იტალიელი თანატოლებიც ეყოლებიან.

ეს არის C ჯგუფის შემადგენლობა, A ჯგუფი უელსმა, ახალმა ზელანდიამ, საფრანგეთმა და იაპონიამ შეადგინეს, ხოლო B-ში ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია და ფიჯი იბრძოლებენ.

ფორმატი შემდეგია: ჯგუფების გამარჯვებულები საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მეორეადგილოსანთან ერთად საჩემპიონო პლეი-ოფის ორ ნახევარფინალურ წყვილს შეკრავენ, ორი დარჩენილი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეხუთე-მერვე ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი სამ აუტსაიდერთან ერთად ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. ვარდება ბოლო, მე-12 ადგილზე გასული გუნდი რომელსაც შეცვლის ალაფის წლევანდელი გამარჯვებული. ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კენიაში გაიმართება.

ეს არის და ეს. ჩვენი ნაკრები მზადაა და თვითშეფასებაც ხომ უმაღლეს დონეზე აქვს: ინგლისთან ამასწინდელ გამარჯვებას ტყუილად ხომ არ ჩაუვლია?! ლადო კილასონიაც კმაყოფილია ბიჭების კონდიციებით. ასე რომ, ყელაფერი შაბათ საღამოს გამოჩნდება. წარმატებები უმცროს ბორჯღალოსნებს!

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში:

  1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბაიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (კაპიტანი, ბაიონი), 8. ნიკა ლომიძე (ბაიონი), 9. დავით ხუროშვილი (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ორიაკი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 14. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 15. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მარქაფა: 16. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლიონი).