კვიპროსი 1:2 საქართველო
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (39 პენ.) , 1:2 დავითაშვილი (84)
კვიპროსის ეროვნული გუნდი მაღალი კლასით ვერ დაიკვეხნის. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს კუნძულელთა დასამარცხებლად გვარიანი ჯაფა დაადგა, რაც მიგვანიშნებს, რომ მაღალი კლასის გუნდის შთაბეჭდილება ვერც ჩვენებმა დატოვეს და გვარიანადაც გვანერვიულეს – თუნდაც მამარდაშვილის კარის ძელს ორჯერ მოხვედრილი ბურთი რად ღირს.
ამიტომაც იყო, თამაშის მიწურულს, თემურ ქეცბაიამ თავში რომ წაიშინა ხელები – აშკარა იყო, რომ კვიპროსელთა ქართველ მწვრთნელს უქულოდ დარჩენა ვერ წარმოედგინა.
თუმცა 3 ქულა ისეც და ასეც 3 ქულაა და ცხრილსაც თუ ჩავხედავთ, საქართველოს ნაკრებს მეორე ადგილზე წამოსკუპებულს დავინახავთ. ეს ცხადია, გვახარებს, ოღონდ უფრო გავიხარებთ, თუკი 72 საათის მერე შოტლანდიასთან დისტანცია ორ ქულამდე გვექნება შემცირებული.
ვთქვათ ისიც, რომ შეცვლების შემდეგ ჩვენი თამაში უფრო მწვავედ ჩანდა. ისე კი, თუკი რამეში აშკარად დავჯაბნეთ კვიპროსელები – გულშმატკივრობაა. ამდენი ქართველი გასვლით თამაშზე და და ტრუბუნებზე ხმაურით ასე დაჯაბნილი მასპინძელი მე პირადად არ მახსენდება.
თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა | |
---|---|---|---|---|---|---|
შოტლანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 7:1 | 9 |
საქართველო | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 |
ესპანეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:2 | 3 |
ნორვეგია | 3 | 0 | 1 | 2 | 2:6 | 1 |
კვიპროსი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:5 | 0 |