მას შემდეგ, რაც ვილის სანიოლი საქართველოს ნაკრებს უდგას სათავეში, იშვიათად გვინახავს ისეთ კარგ განწყობაზე, როგორც ეს ლარნაკაში კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ იყო, ფრანგი სპეციალისტი პრესკონფერენციაზე შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ და ჩვენს კითხევბსაც ხალისით პასუხობდა.

„საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული გუნდია და მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს. გამარჯვებით გახარებულები ვართ, მაგრამ არა თამაშის ხარისხით. გავაანალიზებთ თამაშს და ვნახავთ დადებით და უარყოფით მომენტებს. საკვალიფიკაციო ეტაპიზე თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

როდესაც მწვრთნელი შეცვლებს აკეთებს, ყოველთვის იმედი აქვს, რომ მოედანზე შესული ფეხბურთელები თამაშის ხასიათს შეცვლიან, კარგია, რომ დღეს მოედანზე ვინც შევიყვანეთ, თამაშში კარგად ჩაერთვნენ რაც შედეგზეც აისახა, ამასთანავე ისიც აჩვენეს, რომ გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა, ეს არანაკლებ სასიხარულოა.

ცვლილებებზე მე-60 წუთიდან ვფიქრობდით, მაგრამ პოზიტიური მომენტები გამოჩნდა და გადავწყვიტეთ, მოედანზე მყოფი მოთამაშეებისთვის დრო კიდევ მიგვეცა. საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილებების ​მიღება მნიშვნელოვანია და კარგია, რომ დღეს ეს მოვახერხეთ.

შოტლანდია უდანაკარგოდ ლიდერობს, ვულოცავ მათ ნორვეგიასთან სტუმრად გამარჯვებას, ასეთ მოგებას ბევრი ვერ ახერხებს. ახლა კი ჩვენც ჩავალთ შოტლანდიაში და ვეცდებით დადებით შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

შოტლანდიელებს კი მართლაც რომ საზეიმოდ აქვთ საქმე – სამი ტურის შემდეგ სამი მოგებით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები არიან და ვინ იცის, ბოლო ტურში ნორვეგიასთან მოგების შემდეგ ზეიმი გაუგრძელდეთ და ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი გახდეს…

საქართველოს ნაკრები გლაზგოში დღეს 16:00 საათზე სრული შემადგენლობით და შესანიშნავი განწყობით გაფრინდა…

სად იყვნენ კვიპროსელები?

საპირისპირო განწყობაზე იყო კვიპროსელთა მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომლის პრესკონფერენციას კვიპროსელთაგან მხოლოდ ორი ჟურნალისტი დაესწრო.

ვიდრე მატჩს შეაფასებდა, თემურმა ჯერ ქართველი ქომაგი შეაქო – სასიამოვნოა, როდესაც ამდენი ქართველი ესწრება ნაკრების გასვლით მატჩებსო. ქეცბაია ჩვეული პირდაპირობით არც კვიპროსელი გულშემატკივრის კრიტიკას მორიდებია – ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავი (ხვიჩა კვარაცხელიას გულისხმობდა – ავტ.) ჩამოვიდა სათამაშოდ და ამ დროს შეხვედრას 500-მდე კვიპროსელი გულშემატკივარი დაესწრო, რაც ნანდვილად არ იყო კარგი სანახავიო – განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

ძნელია, არ დაეთანხმო ქეცბაიას ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებაში, კვიპროსთან მატჩის დროს ხვიჩამ თავისი უმაღლესი კლასი არაერთხელ დაამტკიცა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. რამდნჯერმე თანაგუნდელები ბრწყინვალე პასებით პირისპირ დატოვა კვიპროსელთა მეკარესთან, ამას გარდა სტატისტიკასაც თუ მოვიშველიებთ, კვარამ დაახლოებით 10 წარმატებული დრიბლინგი და გუნდისთვის სხვა არაერთი სასარგებლო მოქმედება შეასრულა.

საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ეპიზოდში თავისი მაღალი კლასი გიორგი მიქაუტაძემაც გამოვლინა – შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რომ მას კვარაცხელიასთვის უნდა მიეწოდებინა პასი, მაგრამ მიქაუტაძემ სიტუაცია ზუსტად შეაფასა – პასის შემთხვევაში დიდი შანსი იყო, რომ კვიპროსელ მცველს ბურთი ჩაეჭრა და ანგარიშიც ვერ გახსნილიყო.

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომავლის გუნდია და მის თამაშში ბევრი სასიამოვნო სიახლე დაინახა, რაც აქამდე აკლდა ჩვენს ნაკრებს.

„საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია, ისინი ტექნიკური კუთხით გვჯობდნენ, კარგი ცვლილებებიც განახორციელეს და თამაში მოიგეს. რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ მომიწია გუნდის მომზადება – საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და ხუთი წელი ამ გუნდის მწვრთნელიც ვიყავი. მეორე მხრივ, 35 წელია კვიპროსზე ვცხოვრობ და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი საქმე პირნათლად შევასრულო.

არ ვარ ის ადამიანი, ვინ დამარცხებით კმაყოფილია, მაგრამ ეს მაინც სათქმელია – ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა დავმარცხდით, შედეგი კი მნიშვნელოვანია.

ნორვეგიასთან რთული თამაში იქნება, ძალიან კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით. ვეცდებით, დავისვენოთ და თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ლარნაკაში საქართველო იყო…

თამაშის შემდეგ ყურადღების ცენტრში კვლავ საქართველოს ნაკრები და მისი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდნენ. უამრავი გულშემატკივარი, ქართველი თუ კვიპროსელი, ელოდა ხვიჩას გასახდელიდან გამოსვლას იმის იმედით, რომ მის ავტოგრაფის ან მაისურის მოპოვებას მოახერხებდნენ…

***

ღამის ლარნაკაში გავლისას კი თავი საქართველოში გეგონებოდათ, ირგვლივ ძირითადად ქართული ლაპარაკი ისმოდა – ბარებსა და რესტორნებში კი ქართველი გულშემატკივრები კვიპროსთან გამარჯვებას აღნიშნავდნენ და შოტლანდიასთან მომავალ მატჩზე იმედიანად საუბრობდნენ…

საგანგებოდ სარბიელისთვის, ლარნაკადან