ლინდონ დაიკსისა და კენი მაკლინის მიერ ნორვეგიასთან შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლებით შოტლანდიელებმა ოსლოში 2:1 მოიგეს და სამი თამაშიდან ცხრა ქულით ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფს ლიდერობენ. მასპინძელთაგან ანგარიში მეორე ტაიმიში ერლინგ ჰოლანდმა პენალტით გახსნა. დღეისათვის, სქოთები ნორვეგიელებს, რომლებიც შეჯიბრების დაწყებამდე სავარაუდოდ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტათ მიაჩნდათ, 8 ქულით უსწრებენ.
შოტლანდიელები მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მასპინძლობენ და იმედოვნებენ, რომ ოთხი თამაშიდან 12 ქულას მოიპოვებენ. ეს მათთვის ცალი ფეხით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ტოლფასი იქნება.
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფის კიდევ ერთი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია რომელიც ამ ეტაპზე არ თამაშობს და უახლოესი შეხვედრა 8 სექტემბერს საქართველოში აქვს. მანამდე კი „ლა როხა” ორი შეხვედრიდან ერთი მოგებითა და ერთი მარცხით მესამე ადგილზეა.
„ახლა მნიშვნელოვანია თავში არ აგვივარდეს, — თქვა Viaplay-თან ინტერვიუში სქოთების მცველმა, „ლივერპულის” ფეხბურთელმა ენდი რობერტსონმა, — სამშაბათს საქართველოსთან დიდი თამაში გველის, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამაზე უკეთ შესარჩევ შეჯიბრებას ვერ დავიწყებდით. ცხრა შესაძლებლობიდან ცხრა ქულამ პირდაპირ საჭესთან დაგვსვა. ამიერიდან ძალიან მნიშვნელოვანია მოპოვებული უპირატესობით ვისარგებლოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. ეს დიდი ზეწოლაა. მინდა ტრიბუნებზე შოტლანდიელმა ფანებმა თავიანთი საქმე გააკეთონ, რაც ჩვენთვის დიდი მოტივაცია იქნება”.
The Scotsman წერს, რომ შოტლანდიის ნაკრებს ნორვეგიაში(!) მეტოქე გუნდის გარდა მაღალი ტემპერატურის (30°C) დაძლევაც მოუხდა.
რობერტსონი: „ჩვენს გასახდელში საუცხოო გარემოა. ეს ალბათ საუკეთესო ატმოსფეროა, რომელშიც ოდესმე მოვხვედრილვარ. ვიცოდით, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. ვიცოდით, რომ მთელი სათადარიგოთა სკამი უნდა გამოგვეყენებინა. შეცვლაზე შემოსულმა ბიჭებმა საუცხოოდ ითამაშეს. ჩვენ წინასწარ დასახულ სქემას მივდევდით. როდესაც სტუმრად თამაშობ და შენს კარში პენალტს ნიშნავენ, ყოველთვის ძნელია. დღეს, ანგარიში ძლიერმა მეტოქემ გახსნა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს კლასის ამაღლებისთვის კიდევ ერთ ნაბიჯად გამოგვადგებოდა”.
სტუმართა გამარჯვების გოლის ავტორმა, „ნორვიჩ სიტის” ნახევარმცველმა მაკლინმა კი თქვა: „ეს ყველა ჩვენგანისთვის საგანგებო გამარჯვება იყო. რასაკვირველია, ის განსაკუთრებული იყო იმ გულშემატკივრისთვის, რომელიც ოსლოში წამოგვყვა. საოცარია. ახლა კომენტარს ვაკეთებ და მათი ხმა სტადიონს გარედან მესმის. ნაკრებში აქამდე ერთი გოლი მქონდა გატანილი, სან მარინოში. ბედნიერი ვარ იმ გოლს ასეთი მნიშვნელოვანი გოლიც რომ დავამატე. ვერ გეტყვით, გამიხარდა თუ არა, როდესაც დიკსიმ მარჯვენა ფეხზე მომაწოდა ბურთი, მაგრამ შედეგი გამოიღო და მთავარი ეს არის”.