„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე პირველი ტრანსფერი განახორციელა – საქართველოს ჩემპიონმა გაგი მარგველაშვილი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გაგი მარგველაშვილი „დინამო თბილისში“ ითამაშებს, ქართველი ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მარგველაშვილმა ბოლო ორი სეზონი ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპიში“ გაატარა და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ის თბილისის „საბურთალოს“ აღზრდილია, სადაც შვიდი სეზონი ითამაშა, ერთი წელი კი ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა.

გამოცდილ მცველს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელია.