„ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის შემცვლელს ეძებს. ბოლო კანდიდატი, ვისზეც უკვე რამდენიმე დღეა დაბეჯითებით ლაპარაკობენ გახლავთ კრისტოფ გალტიე. მას მერე, რაც ის ახსენეს, სხვა იტალიელ თუ უცხოელ მწვრთნელებზე ლაპარაკი თითქოს შენელდა. დღე ისე არ გავა, გალტიესთან დაკავშირებით თუნდაც ერთი მცირე ინფორმაცია არ გამოქვეყნდეს. წინა დღის ცნობებს ერთი რამ, თუნდაც უმნიშვნელო არ დაემატოს.
ამ ეტაპისთვის ასეთი მდგომარეობაა: ფრანგი მწვრთნელი ცდილობს „პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი გაწყვიტოს. მისი ხელმძღვანელობით პარიზულმა გუნდმა ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ხელი მოეცარა და კლუბმა გადაწყვიტა ის გერმანელი იულიან ნაგელსმანით შეცვალოს.
RMC Sport-ის ცნობით „ნაპოლი” ცდილობს რაც შეიძლება მალე მოაგვაროს გალტიეს გადაბირების საკითხი და ამიტომ „პარი სენ ჟერმენს” შეჰყურებს. თუმცა ისიც ითქვა, რომ დე ლაურენტისი მწვრთნელის გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს და მოთმინებით ელოდება მოვლენების განვითარებას. ამასობაში კი გალტიეს შეძენით სხვა კლუბებიც დაინტერესდნენ.
ყატარის „ალ დუჰაილი” ფრანგს მდიდრულ კონტრაქტს სთავაზობს, მაგრამ მწვრთნელს ყატარში გამგზავრება თურმე დიდ ფულადაც არ უნდა. გამოჩნდა კიდევ ერთი დაინტერესებული მხარე. მას კონკრეტულად არ ასახელებენ, მაგრამ ცნობილია, რომ ლაპარაკია პრემიერლიგის საშუალო კლუბზე, რომელიც ჩასაფრებულია და თუ „ნაპოლი” გალტიეს სამსახურში აყვანას თავს ვერ მოაბამს, მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას.