გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო დი სალვომ დაასახელა შემადგენლობა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ჯგუფის მატჩებს საქართველოში ჩაატარებს – გერმანელები, 22 ივნისს, ქუთაისში, ისრაელს შეხვდებიან, ორ თამაშს კი ბათუმში ჩაატარებენ – 25 ივნისს ჩეხეთს, ხოლო 28 ივნისს, ინგლისს დაუპირისპირდებიან.
ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, გერმანიის ეროვნულ გუნდშიც რომ უთამაშიათ. ერთს, არიან კევინ შადეს ჰანსი ფლიკმა ახლაც გამოუძახა ამხანაგური მატჩებისთვის, თუმცა 12 ივნისს უკრაინასთან მატჩის შემდეგ მას ისევ ახალგაზრდულში გაუშვებს.
ამჟად გერმანიის სანაკრებო სიაში 26 ფეხბურთელია, საბოლოო შემადგენლობა 14 ივნისს გახდება ცნობილი.
მეკარეები: ნოა ატუბოლუ („ფრაიბურგი“), კრისტიან ფრიუხტლი („აუსტრია“), ნიკო მანტლი („ოლბორგი“).
მცველები: მაქსიმილიან ბაუერი („აუგსბურგი“), ჯორდან ბაიერი („ბარნლი“), იან-აურელ ბისეკი („ორჰუსი“), მარტონ დარდაი („ჰერტა“), კილიან ფიშერი („ვოლფსბურგი“), ჰენინგ მატრიციანი („შალკე“), ლუკა ნეტცი („გლადბახი“), კენეთ შმიდტი („ფრაიბურგი“), ჯოშა ფაგნომანი („შტუტგარტი“).
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ფარიდე ალიდუ („აინტრახტი“), დენის ჰუსეინბასიჩი („კიოლნი“), იანიკ კაიტელი („ფრაიბურგი“), ანსგარ კნაუფი („აინტრახტი“), ტომ კრაუსი („შალკე“), ერიკ მარტელი („კიოლნი“), იუსუფა მუკოკო („დორტმუნდი“), იესიჩ ნგანკამი („ჰერტა“), პატრიკ ოსტერჰაგე („ბოხუმი“), კევინ შადე („ბრენტფორდი“), ანგელო შტილერი („ჰოფენჰაიმი“), იან ტილმანი („კიოლნი“), ნელსონ ვაიპერი („მაინცი“), ნოა ვაისჰაუპტი („ფრაიბურგი“).
ამასობაში კი ბუდაპეშტში დასრულდა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ფინალში ერთმანეთს გერმანია და საფრანგეთი შეხვდნენ. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და გამარჯვებული გამოსავლენად გუნდებმა პირდაპირ თერთმეტმეტრიანები შეასრულეს, რომელშიც უფრო ზუსტი გერმანელი ჭაბუკები აღმოჩნდნენ, 5:4 მოიგეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
გერმანელებმა ნახევარფინალში პოლონეთს მოუგეს 5:3, ფრანგებმა კი ესპანელები დაამარცხეს – 3:1.
ტურნირს საუკეთესო ბომბარდირი 4-4 გოლით ერთბაშად ოთხი მოთამაშე გახდა: გერმანელები პარის ბრუნერი და რობერტ რამსაკი, ესპანელები – მარკ გუიუ და „ბარსელონას“ ვუნდერკინდი ლამინ იამალი.






