Giorgi Mamardashvili of Valencia CF during Spanish La Liga match between Valencia CF and Elche CF at Mestalla Stadium on October 15, 2022.ჩემპიონატი დასრულდა. 90 წუთიც და ლა ლიგის სეზონს დავემშვიდობებით. და თუ „ბეტისთან” შეხვედრასაც თავიდან ბოლომდე ითამაშებს, გიორგი მამარდაშვილს ყველა წუთი ნათამაშევი გამოუვა — იმდენი, რამდენის საშუალებაც იყო. დავიდ სორიასა და ალექს რომეროსთან ერთად ქართველი მეკარე გახდება პრიმერა დივიზიონის ის ფეხბურთელი, რომელმაც მთელი სეზონი მოედანზე გაატარა.

„ვალენსიას” კარს საიმედო პატრონი ჰყავს. მამარდაშვილი თავისი საქმის დიდოსტატია, რომლის დაჩრდილვაც მიმდინარე სეზონში ვერავინ შეძლო. გატუზო, ვორო და ბარახა 37 ტურის განმავლობაში მხოლოდ ქართველს  ენდობოდნენ. მან ჯამში 3330 წუთი ითამაშა და თუ კვირას სევილიაშიც თავიდან ბოლომდე ითამაშებს, 3420 წუთი გამოუვა. „ღამურების” პირველ გუნდში გიორგის გარდა ირიცხებიან ჟაუმე, ერერინი და კრისტიან რივერო.

ბოლოს, „ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში შეხვედრების ასი პროცენტი 1998-99 წლების სეზონში ასევე მეკარემ სანტიაგო კანისარესმა ჩაატარა.

90-იან წლებში მთელი სეზონის შეუცვლელად ჩატარება უფრო გავრცელებული იყო. 1994-95 წლებში ეს ანდონი სუბისარეტამ შეძლო, 1992-93 წლებში ვორომ, ხოლო 1991-92 წლებში სემპერემ.

ფეხბურთელები, რომლებიც სეზონის განმავლობაში ყველა შეხვედრას ატარებდნენ, ძირითადად მეკარეები იყვნენ. ერთადერთი უცნაური გამონაკლისი გახლდათ ვორო.

გასულ სეზონში, ფეხბურთელი, რომელმაც „ვალენსიას” შემადგენლობაში ყველაზე მეტი წუთი ჩაატარა გახლდათ გონსალო გედეში — 2614 წუთი. 20-21 წლების სეზონში 3000 წუთთან ახლოს იყო ვასი, ხოლო 2015 წლიდან 2018 წლამდე ყველაზე მეტი პარეხომ დაჰყო მოედანზე.

კანისარესი კიდევ სამ სეზონში იყო ახლოს რეკორდის გამეორებასთან. 00-01 წლების სეზონში მას ერთი მატჩი დააკლდა, რომელიც პალოპმა ითამაშა; 03-04 წლების სეზონშიც იგივე გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ იმ ერთ შეხვედრაში მის ნაცვლად ითამაშა რანგელმა; 05-06 წლების სეზონში კი ლეგენდარულ მეკარეს ორი შეხვედრა დააკლდა. მის მაგივრად კარში იდგნენ მორა და ბუტელე.

მამარდაშვილი „ვალენსიაში” მეორე სეზონს ატარებს და ამ დროში მან საოცარი ზრდა განიცადა. მის მიერ მოგერიებული დარტყმების გამო ქართველს ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ. გიორგიმ 44 გოლი გაუშვა, მაგრამ თავისი დიდებული თამაშით გუნდი ბევჯერ გადაარჩინა. მოგერიებების რაოდენობით (103) ის ლა ლიგაში მეექვსეა. პირვე ადგილზე 137 მოგერიებით არის ედგარ ბადია.

ლა ლიგის შეხვედრებს დავამატოთ სამეფო თასის სამი შეხვედრა, რომლებშიც გიორგი ასევე სასტარტო შემადგენლობაში იყო. ერთადერთი, „ლა ნუსიასთან” შეცვალეს, როდესაც 13 წუთი იყო დარჩენილი.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და თუ კლუბი მას გაყიდის, გვარიანი თანხა შემოუვა. მისი შეძენით დაინტერესებულები არიან პრემიერლიგის კლუბები, რომლებსაც ქართველზე თვალი გასულ სეზონშიც ჰქონდათ დადგმული. დღეს მამარდაშვილი ელიტარულ მეკარეთა შორის დამკვიდრდა და მისი შესაძლო გაყიდვა უფრო მომგებიანი გახდა.

ხავი ტურუელი, AS