ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე”, ევროლიგის ფინალში, „სევილიამ” „რომას” პენალტებით სძლია და მეშვიდედ (!) დაეუფლა ჯილდოს. „რომას” მწვრთნელისთვის ჟოზე მოურინიუსთვის ეს გახლდათ პირველი მარცხი ევროთასის ფინალში. საინტერესო ფაქტია, რომ ისევე როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ამჯერადაც არგენტინელმა გონსალო მონტიელმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სევილიელები შვიდჯერ იყვნენ რანგით მეორე ევროთასის ფინალში და შვიდივეჯერ გაიმარჯვეს. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო დამთავრდა 1:1. ანგარიში 35-ე წუთზე პაოლო დიბალამ ანუ „რომამ” გახსნა. 55-ე წუთზე, ხესუს ნავასის ჩაწოდების შემდეგ, ჯანლუკა მანჩინის საკუთარ კარში ჩაეჭრა ბურთი.

მატჩის მსაჯი გახლდათ ინგლისელი ენტონი ტეილორი, რომლის გადაწყვეტილებებით მოურინიუ საშინლად უკმაყოფილო დარჩა. რომაელთა პორტუგალიელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ არბიტრი ბევრ ეპიზოდში უსამართლო იყო. მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენციიდან გამოსული მოურინიუ გასახდელების გარეთ აეროპორტში გასამგზავრებლად ავტობუსს ელოდებოდა, როდესაც ტეილორს გადაეყარა და საკმაოდ უხეშად მიმართა, რასაც ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ.

მანამდე მოურინიუ საკამათო ეპიზოდებს იტალიელ მსაჯ რობერტო როსეტის აჩვენებდა, როდესაც მან ტეილორი დაინახა და გამოედევნა. „შენ ხარ fucking სამარცხვინო კაცი, — რამდენჯერმე დაუძახა პორტუგალიელმა ინგლისელს, — როსეტიმაც კი დაინახა, რომ იქ პენალტი არ იყო (ლაპარაკია ეპიზოდზე, რომელშიც მსაჯმა გადაწყვეტილება მხოლოდ ეპიზოდის მონიტორზე ნახვის შემდეგ შეცვალა), შენ კი ამასაც ვერ ხედავ”.

კიდევ იყო რიგი წინადადებებისა, რომელთა სიტყვების გარჩევა ძნელია.