Napoli fans celebrates after winning the Italian league soccer title, in Naples, Italy, on May 4, 2023.„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა TGR Rai-ს მიკროფონებთან ლუჩანო სპალეტის შემცვლელზე ილაპარაკა. მან ლუის ენრიკეც ახსენა, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში იტალიური პრესა ბევრს წერს.

„ჩვენ ვეძებთ მწვრთნელს, რომელიც საუკეთესოდ გაუძღვება 4-3-3 სისტემას. გვინდა, რომ ის მოერგოს „ნაპოლის” არაჩვეულებრივ ფეხბურთელებს, რომელთა შენარჩუნებასაც ვაპირებთ. ამ მიზნით ათეულობით პროფილი შევისწავლე და მათგან საუკეთესოს ავირჩევ. მე ჯერ კიდევ თესვის პროცესში ვარ და ამიტომ ყველა ნეაპოლელის დახმარება დამჭირდება.

როდესაც ადამიანი რაღაცას ცვლის, მუშაობისას შეიძლება დადგეს რთული მომენტები, მაგრამ ამან შიში არ უნდა გამოიწვიოს. ყველაფერს გაუმჯობესება სჭირდება. ჩვენ ვრჩებით ერთადერთ გუნდად, რომელიც 14 წელია ევროპულ სარბიელზე გამოდის, ეს ფაქტი კი კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ვეკიდებით მწვრთნელების არჩევის საქმეს.

ჩემი უპირატესობა ის არის, რომ მართალია არ ვიცი როგორ უნდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ კარგად ვიცი, როგორ უნდა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. სენტიმენტები მაშინაც არ მიტაცებს, როდესაც ისინი მეძალება. მე ყოველთვის რაციონალურ ადამიანად ვრჩები. ვალდებული ვარ ყველაფერი შევამოწმო, ყველას ველაპარაკო და ყველას გაგება ვცადო. უნდა ჩავწვდე, რა ხდება გარშემო. რასაკვირველია, მეც შეიძლება შევცდე…

…ლუის ენრიკეზე იმას მოგახსენებთ, რომ მას პრემიერლიგაში უნდა წასვლა. ჩვენ გვიწევს ისეთ ლიგებთან კონკურენცია, რომლებიც ჩვენსაზე უფრო მიმზიდველები არიან…

…ძალიან მინდა ყველანი სტადიონზე გნახოთ, მაგრამ შეუძლებელია. ამბობენ, რომ ბოლო თამაშსა და საჩემპიონო ზეიმზე დასწრების მსურველთა რიცხვი 250 000 იყო. მე თუ მკითხავთ, ეს რიცხვი სწორი არ არის. მსურველი მეტია. მადლობა ტელეკომპანია RAI-ს, რომელიც ტრანსლაციას მოაწყობს, რასაც მთელს დედამიწაზე 10 მილიონი ადამიანი ნახავს.

შოუში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები, მსახიობები. წამყვანი იქნება სტეფანო დი მარტინო, რომელიც თავის ოსტატობას და მომხიბვლელობას წარმოაჩენს. ხალხი ჩვენთან ერთად იზეიმებს.

სახელები გაინტერესებთ? გვინდა პატივი ვცეთ ნეაპოლს და შევასრულოთ ბევრი ნეაპოლური სიმღერა, თუნდაც ახალი. იქნებიან რეპერები, იქნება ჯიჯი დ’ალესიო, ნინო დ’ანჯელო ჰიმნს იმღერებს, იქნება ემა, არისტა, სტაში, კლემენტინო, ენცო ავიტაბილე, ბევრი დიდებული მსახიობი, რომელთაც ლურჯი განცდები აქვთ. ამ ყველაფერს განა მხოლოდ მთელი ქალაქი, მთელი მსოფლიო ნახავს”.